მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის ეკუთვნის საქართველოში მოქმედი ჰიდროელექტროსადგურები

642d58272f486
შოთა ტყეშელაშვილი
05.04.23 15:09
15351
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" საქართველოს ენერგეტიკის სექტორის შესახებ გამოაქვეყნა მიმოხილვა. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარია ჰიდროელექტროსადგურებისა და თბოსადგურების მფლობელი კომპანიების შესახებაც.

საქართველოს ელექტროსისტემაში სულ 109 ჰესი არის გაერთიანებული. მათ 77 იურიდიული პირი ფლობს. გამომუშავებული სიმძლავრის მიხედვით, სადგურების 61% ქართული კომპანიების მფლობელობაშია, მათ შორის სახელმწიფო საკუთრებაშიც. სიმძლავრის მიხედვით, ჰესების 13% ჩეხური კომპანია ენერგო პრო-ჯორჯიას საკუთრებაშია, 7% - უკრაინული კომპანიების საკუთრებაში, 5% - რუსეთის, ხოლო 3%-3% თურქეთისა და ესპანეთის კომპანიების საკუთრებაში.

“ყველაზე მსხვილი ჰეს-ის - „ენგურჰესის“ 100%-ის მფლობელი საქართველოს სახელმწიფოა. ელექტროენერგიის გამომუშავებით მეორე ადგილზე მყოფ „ვარციხე ჰესის“ მფლობელი შპს „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზია“, რომელიც ლუქსემბურგშია რეგისტრირებული და მისი საბოლოო მფლობელები უკრაინელი ბიზნესმენები, გენადი ბოგოლიუბოვი და იგორ კოლომოისკი არიან. 551 მლნ კვტ საათის ჯამური გამომუშავებით მესამე ადგილზე სს „ხრამჰესი I“ და „ხრამჰესი II“ არიან. ამ ორი ჰეს-ის მფლობელი „გარდაბანი ჰოლდინგ ბ.ვ.“-ია, რომელიც რუსულ კომპანია „ინტერ რაოს“ შვილობილი კომპანიაა.

2022 წელს გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობის მიხედვით, ჰიდროელექტროსადგურების რეიტინგი და მათი მფლობელების ჩამონათვალი ასეთია:

1. ენგურჰესი (სახელმწიფო საკუთრება) - 3,747 მლნ კვტ საათი;
2. ვარციხეჰესი (ბიზნესმენ იგორ კოლომოისკის საკუთრება) - 827 მლნ კვტ საათი;
3. ვარდნილ ჰესი (სახელმწიფო საკუთრება) - 760 მლნ კვტ საათი;
4. დარიალ ჰესი (მფლობელები - სს ენერგია; TEPCO და Lock W ) - 471 მლნ კვტ საათი;
5. შუახევ ჰესი (მფლობელი Clean Energy) - 422 მლნ კვტ საათი;
6. ლაჯანურ ჰესი (მფლობელი ენერგო-პრო ჯორჯია) - 377 მლნ კვტ საათი;
7. ფარავან ჰესი (მფლობელი ანადოლუ ჯგუფი) - 354 მლნ კვტ საათი;
8. ხრამ ჰესი 2 (მფლობელი ინტერ რაო) - 325 მლნ კვტ საათი;
9. ჟინვალ ჰესი (მფლობელი აქუალია - 312 მლნ კვტ საათი;
10. რიონ ჰესი (მფლობელი ენერგო-პრო ჯორჯია) - 289 მლნ კვტ საათი.

მოქმედი 5 თბოსადგურიდან ყველაზე მსხვილი სადგურები - შპს „გარდაბნის თბოსადგური 1“ და შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“ სახელმწიფოს საკუთრებაშია. „გარდაბნის თბოსადგური 1“-ის 49%-ს „საპარტნიორო ფონდი“ ფლობს, ხოლო 51%-ს - „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“. „გარდაბნის თბოსადგური 2“-ის 100%-ს კი „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ ფლობს. კიდევ ერთ შედარებით მსხვილ თეს-ს - შპს „მტკვარი ენერჯის“ (279 მლნ კვტ საათი წლიური გამომუშავება) ჰოლდინგი „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” ფლობს, რომლის მფლობელი კომპანია შპს „ჩემექსიმ ინტერნეშენალი“ მარშალის კუნძულებზეა რეგისტრირებული. აღნიშნული კომპანიის საბოლოო ბენეფიციარი საქართველოს მოქალაქე დავით ბეჟუაშვილია. თეს-ების მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაში 83% სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სადგურებზე მოდის,”- ნათქვამია TI საქართველოს ანგარიშში.

„ქართლის ქარის ელექტროსადგური“ სააქციო საზოგადოება „ჯორჯია გლობალ იუთილითიზის“ საკუთრებაა, რომლის საბოლოო მფლობელი სს „ჯორჯია კაპიტალია“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები