მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის ეკუთვნის საქართველოში მოქმედი ჰესები

ენგურჰესი ჰესი ენერგეტიკა

საქართველოს ენერგეტიკული სისტემის უმსხვილესი გენერაციული ობიექტია ენგურჰესი, რომლის დადგმული სიმძლავრეც 1,300 მეგავატს შეადგენს. ენგურის სისტემის ნაწილია ვარდნილჰესების კასკადიც 340 მეგავატის სიმძლავრით.

ენგურჰესის და ვარდნილჰესების მფლობელი საქართველოს სახელმწიფოა, აქედან ენგურჰესის კაშხალი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, ტურბინები და აგრეგატები კი არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, ხოლო ვარდნილჰესების კასკადი სრულად საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზეა განთავსებული. ორივე ამ სადგურიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა ელექტროენერგიას სრულიად უსასყიდლოდ იღებს.

რაც შეეხება სხვა ელექტროსადგურებს, მათი უდიდესი ნაწილი კერძო საკუთრებაშია. ყველაზე მეტ - 15 სადგურს ეპ ჯორჯია გენერაცია ფლობს, რომელიც თავისმხრივ ჩეხური ენერგო პროს ჯგუფის შემადგენლობაშია. კომპანიის საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრე ჩეხი ბიზნესმენი იარომირ თესარია. საქართველოში მოქმედი მსხვილი ენერგო ინვესტორების სიაშია “შუახევ ჰესის” მფლობელები Tata Group-ი და Clean Energy, ასევე ვარციხეჰესის მფლობელი ოლიგარქი იგორ კოლომოისკი, “დარიალ ჰესის” მფლობელი იაპონური Tepco ჯგუფი და „ხრამჰესი I“ და „ხრამჰესი II“-ის მფლობელი რუსული Inter Rao.

საქართველოში მოქმედი მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მფლობელები და ამ სადგურების გამომუშავება 2023 წლის 11 თვეში:

  • ენგურჰესი (მფლობელი სახელმწიფო) - 3.4 მილიარდი კილოვატ საათი;
  • ვარციხეჰესი (მფლობელი, ბიზნესმენი იგორ კოლომოისკი) - 817 მლნ. კვტ. სთ;
  • ვარდნილჰესების კასკადი (მფლობელი სახელმწიფო) - 635 მლნ. კვტ. სთ;
  • შუახევიჰესი (მფლობელი Clean Energy, Tata Group) - 447.5 მლნ. კვტ. სთ;
  • დარიალიჰესი (მფლობელი; TEPCO და Lock W) - 411.8 მლნ. კვტ. სთ;
  • ლაჯანურჰესი (მფლობელი ეპ ჯორჯია გენერაცია) - 359.4 მლნ. კვტ. სთ;
  • ჟინვალჰესი (მფლობელი აქუალია) - 356 მლნ. კვტ. სთ;
  • ფარავანჰესი (მფლობელი ანადოლუ ჯგუფი) - 319 მლნ. კვტ. სთ;
  • გუმათჰესი (მფლობელი ეპ ჯორჯია გენერაცია) - 301.9 მლნ. კვტ. სთ;
  • ხრამჰესი 2 (მფლობელი ინტერ რაო) - 290.1 მლნ. კვტ. სთ;
  • რიონჰესი (მფლობელი ეპ ჯორჯია გენერაცია) - 248.6 მლნ. კვტ. სთ;
  • ზაჰესი (მფლობელი ეპ ჯორჯია გენერაცია) - 193.3 მლნ. კვტ. სთ;
  • ხრამჰესი 1 (მფლობელი ინტერ რაო) - 177.6 მლნ. კვტ. სთ;
  • ხელვაჩაურიჰესი 1 (მფლობელი აჭარ ენერჯი 2007) - 172.8 მლნ. კვტ. სთ;
  • შაორჰესი (მფლობელი ეპ ჯორჯია გენერაცია) - 146.9 მლნ. კვტ. სთ;
  • ძევრულაჰესი (მფლობელი ეპ ჯორჯია გენერაცია) - 125.5 მლნ. კვტ. სთ;
  • ხადორჰესი (მფლობელი Sichuan Provincial Investment Group) - 117.6 მლნ. კვტ. სთ;
  • მესტიაჭალაჰესი 2 (მფლობელი შპს ეიჯი გრუპ ენერჯი) - 99.8 მლნ. კვტ. სთ;
  • ჩითახევჰესი (მფლობელი ეპ ჯორჯია გენერაცია) - 97.8 მლნ. კვტ. სთ.

რაც შეეხებათ თბოსადგურებს, ქვეყანაში ყველაზე მსხვილი სადგურების - შპს „გარდაბნის თბოსადგური 1“ და შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“-ის ოპერატორი საქართველოს სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კორპორაციაა (GOGC). გარდაბანი 1-მა 2023 წლის 11 თვეში 906 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავა, გარდაბანი 2-მა კი 1.2 მილიარდი კილოვატ საათი ენერგია. თბოსადგურ “მტკვარი ენერჯის” გამომუშავება 566 მილიონი კილოვატ საათი იყო, ამ ობიექტის მფლობელია “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი”.

საქართველოში ერთადერთი "ქართლის ქარის ელექტროსადგურის" მფლობელია სს "ჯორჯია კაპიტალი“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები