მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპარტნიორო ფონდი დაფინანსების მისაღებად აქციების გამოშვებასაც განიხილავს

64a5a122d8cf8
შოთა ტყეშელაშვილი
05.07.23 21:20
578
“საპარტნიორო ფონდი” დაფინანსების მისაღებად აქციების გამოშვებასაც განიხილავს - ამის შესახებ ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დიმიტრი ხორავამ გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში განაცხადა. მისი თქმით ერთ-ერთ შესაძლებლობად განიხილება ფონდის პარტნიორთა რიგებში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების შემოსვლაც, მათი დაფინანსების სანაცვლოდ.

საქმე ისაა, რომ ამჟამად “საპარტნიორო ფონდს” შეზღუდული აქვს როგორც ახალი პროექტების დაფინანსება, ასევე ახალი ვალების მოზიდვა, რასაც მთავრობასა და სავალუტო ფონდს შორის განსაზღვრული მემორანდუმი ითვალისწინებს. შესაბამისად, IMF-ის მიმდინარე სამწლიანი პროგრამის ფარგლებში ფონდს ამ მხრივ ნაბიჯების გადადგმა არ შეეძლება.

თუმცა, საპარტნიორო ფონდში იმედოვნებენ, რომ ეს შეზღუდვა მოიხსნება, რადგანაც რეფორმირების პროცესი უკვე დაწყებულია, ხოლო სისტემური კომპანიები (სსე; რკინიგზა; GOGC, ესკო და სხვები) ფონდის შემადგენლობიდან უკვე გავიდნენ.

“ჩვენ ვსაუბრობთ, რომ არის შესაძლებლობა, რომ მოხდეს აქციების გამოშვებაც და პარტნიორად შემოვიყვანოთ. მოხდეს ფონდის აქციების ნაწილის გასხვისება და სწორედ ამ პირობით, აქციების შესყიდვით შემოვიდეს კერძო ინვესტორი ან ეს შეიძლება იყოს რომელიმე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი. ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებული გვაქვს. ერთ-ერთი სტრატეგია რაც იქნება მოზიდვის კაპიტალის და როგორ დავაფინანსებთ შემოდგომაზე იქნება ცნობილი.

ჩვენ არ ვითხოვთ ბიუჯეტიდან რაიმე დაფინანსებას. დაფუძნების დღიდან ფონდს არცერთი თეთრი არ მიუღია ბიუჯეტიდან და არც მოთხოვნა ყოფილა ამაზე. არც მომავალში ვგეგმავთ ამას.

სავალუტო ფონდის ჩანაწერი ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით გაჩნდა 2019 წელს. სესხებთან დაკავშირებით უფრო ადრე იყო ეს ჩანაწერი. იყო შეზღუდვა, რომ ფონდმა განახორციელოს ეს, რაც მოხდება სტრუქტურული ცვლილებები და რეფორმირება. მას შემდეგ რაც სახელმწიფო საწარმოები გავა ფონდიდან. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს რეკომენდაცია შევასრულეთ. გადავდივართ კორპორატიულ მართვაზე, სამეთვალყურეო საბჭო იცვლება, ბოლო სახელმწიფო კომპანია რკინიგზა გავიდა ფონდიდან 2022 წლის დეკემბერში,”- განაცხადა დიმიტრი ხორავამ.

BMG-იმ ფინანსთა სამინისტროს მიმართა კითხვით შეეძლება თუ არა რეფორმირებულ საპარტნიორო ფონდს ახალი ვალების აღება და პროექტების დაფინანსება - სამინისტროს განმარტებით, ამას IMF-ის თანხმობა ესაჭიროება.

“საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში, აღებულია ვალდებულება, რომ საპარტნიორო ფონდი არ განახორციელებს ახალ ინვესტიციებს, არ აიღებს ახალ ვალდებულებებს და დასაფინანსებლად არ გამოიყენებს გარე რესურსებს. ეს ვალდებულება აღებულია პროგრამის ფარგლებში და ძალაშია პროგრამის მთელი პერიოდის განმავლობაში, თუ ხელისუფლება და სსფ სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. ამასთან, საპარტნიორო ფონდის რეფორმა ავტომატურად არ აუქმებს ამ ვალდებულებას და დაფინანსებაზე წვდომის აღდგენის საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელი იქნება სსფ-სთან შეთანხმება. რაც შეეხება ბიუჯეტიდან დაფინანსებას - საპარტნიორო ფონდის არც ძველი და არც ახალი მოდელი არ მოიაზრებს საბიუჯეტო რესურსებით ფონდის საინვესტიციო, ან საოპერაციო ნაწილის,”- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს პასუხში.

თავად “საპარტნიორო ფონდის” შემადგენლობაში ამჟამად აღარცერთი სისტემური სახელმწიფო კომპანია არ ირიცხება. უკანასკნელი კომპანია, რომელმაც ფონდი დატოვა საქართველოს რკინიგზა იყო, რომელიც ფონდიდან 2022 წლის დეკემბერში გამოვიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები