საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, კანდიდატთა დოკუმენტაცია უკვე გადაეგზავნა სამეთვალყურეო საბჭოს, რომელშიც შედის ეკონომიკის, ფინანსთა, ჯანდაცვის მინისტრები და საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე - ოლივიერ რუსო. პროცედურების თანახმად, სამეთვალყურეო საბჭომ უნდა შეარჩიოს და დანიშნოს საპენსიო სააგენტოს დირექტორი. კანონის თანახმად, საპენსიო სააგენტოს დირექტორი ინიშნება 5 წლის ვადით.
საპენსიო სააგენტოს დირექტორის ხელფასი 10,000-დან 15,000 ლარამდეა.
რაც შეეხება სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის დანიშვნას, BMG-ის ინფორმაციის თანახმად, საინვესტიციო საბჭოს მიერ უკვე შერჩეულია რამდენიმე კანდიდატი, რომლებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება და დაახლოებით სამიდან ოთხ კვირამდე ვადაში გაცხადდება მისი ვინაობა და მოხდება დანიშვნა.
საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდის მიხედვით, 2020 წლის 12 თებერვლის მდგომარეობით, სახელმწიფო საპენსიო ფონდის მოცულობა 581 მილიონ ლარს შეადგენს.