მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო ბანკი იქმნება, რომელიც რისკიანი ინსტიტუტი იქნება - ეკონომისტი საპენსიო სააგენტოს ცვლილებებზე

ეროვნული ბანკი

ეკონომისტ აკაკი ცომაიას შეფასებით, საპენსიო სააგენტოსთან დაკავშირებული ცვლილებები რისკის შემცველია და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მთავრობას ერთგვარი სახელმწიფო ბანკის შექმნა სურს.

როგორც აკაკი ცომაიამ BMG-ის განუცხადა, ფონდის მანდატის გაფართოება და სხვადასხვა პროექტებში პირდაპირ ინვესტირების მიცემის შესაძლებლობა არასწორი ნაბიჯი იქნება. ეკონომისტი ასევე უარყოფითად აფასებს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც დღეს საპენსიო სააგენტოში ცალ-ცალკე არსებული საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები უნდა გაერთიანდეს და ერთიანი მმართველობითი საბჭო ჩამოყალიბდეს.

“რომ არ იყოს “რუსული კანონი” ინიციირებული, მე ვიტყოდი, რომ ეს ყველაზე საშიში რამაა, რასაც დღეს ხელისუფლება აკეთებს. შინაარსობრივად ეს კანონპროექტი სახელმწიფო ბანკის შექმნას ითვალისწინებს, ეს აღარაა საპენსიო ფონდი. ეს სახელმწიფო ბანკია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისგან ძალით აკრეფილი დანაზოგებითაა შექმნილი. ამ კანონპროექტის მიხედვით, ის ყველაზე რისკიანი ფინანსური ინსტიტუცია ხდება. ეს კანონი თუ შევიდა ძალაში, ჩვენ უკვე უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ერთ მშვენიერ დღეს მოსახლეობის საპენსიო დანაზოგები უბრალოდ გაქრება. ასეთი ძირეული ცვლილებები ასე უბრალოდ არ ხორციელდება და აქ იკვეთება მთავრობის ინტერესები, მათ შორის კორუფციული ინტერესები, რომ ეს ფული თავიანთი შეხედულების მიხედვით გამოიყენონ. ეს არის ძალიან უკან გადადგმული ნაბიჯი. ამ ცვლილებებით გამოვა, რომ მთავრობა ისე შეძლებს საპენსიო ფონდის ფულის მართვას, როგორც ახლა ბიუჯეტს განკარგავს”, - განაცხადა აკაკი ცომაიამ.

ცნობისთვის, პარლამენტში ინიციირებული ცვლილებების მიხედვით, დღეს საპენსიო სააგენტოში დამოუკიდებლად არსებული საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოების ნაცვლად, ერთი მმართველობითი ორგანო - მმართველობითი საბჭო შეიქმნება. აღნიშნული საბჭო პასუხისმგებელი იქნება როგორც მენეჯმენტზე, ასევე აქტივების ინვესტირების პროცესზე.

ამასთან, ცვლილებების მიხედვით, დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელიდან შესაძლებელი გახდება სხვადასხვა პროექტის პირდაპირი დაფინანსება. ამჟამად დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელიდან თანხის ჩადება შესაძლებელია მხოლოდ ფინანსურ აქტივებში, ეს არის სახელმწიფო და კორპორაციული ობლიგაციები, დეპოზიტები, ფასიანი ქაღალდები და კორპორაციული აქციები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები