საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითმა საბჭომ „რისკის მართვის ჩარჩო“ დაამტკიცა. დადგენილება, რომელსაც ხელი საბჭოს თავმჯდომარემ მოაწერა, გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში.
ახალი დოკუმენტი დეტალურად განსაზღვრავს საპენსიო ფონდის საქმიანობიდან გამომდინარე როგორც საინვესტიციო, ისე არასაინვესტიციო რისკების მართვის, მონიტორინგისა და ანგარიშგების მექანიზმებს.
დადგენილების მიხედვით, საპენსიო ფონდში რისკების მართვა „დაცვის სამი ხაზის“ მოდელს დაეფუძნება:
- პირველი ხაზი: ფონდის ყველა სტრუქტურული ერთეული, მათ შორის საინვესტიციო სამსახური, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში იღებს და აკონტროლებს საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებულ რისკებს.
- მეორე ხაზი: მთავარი რისკის ოფიცრის დაქვემდებარებაში არსებული რისკის მართვის სამსახური, რომელიც დამოუკიდებლად ადევნებს თვალყურს დაწესებული ლიმიტების დაცვას.
- მესამე ხაზი: შიდა აუდიტის დეპარტამენტი, რომელიც მხოლოდ მმართველობით საბჭოსა და აუდიტის კომიტეტს ექვემდებარება და ამოწმებს შიდა კონტროლის სისტემების ეფექტიანობას.
გარდა ამისა, საპენსიო ფონდის საქმიანობაზე რეგულირებასა და ზედამხედველობას საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს.
დოკუმენტი ცალკე განსაზღვრავს ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპს არასაინვესტიციო რისკების კონკრეტული კატეგორიებისთვის. ფონდისთვის დაუშვებელია და დაუყოვნებლივ რეაგირებას ექვემდებარება ისეთი შემთხვევები, როგორებიცაა:
- თაღლითობა, კორუფცია და ფულის გათეთრება;
- განზრახ არაკეთილსინდისიერი ქმედებები;
- არსებითი მარეგულირებელი დარღვევები;
- მონაწილეთა პერსონალური მონაცემების გაჟონვა.
ჩარჩო ორ ძირითად ჯგუფად ყოფს მოსალოდნელ საფრთხეებს:
საინვესტიციო რისკები: მოიცავს საბაზრო, საკრედიტო, სავალუტო, ლიკვიდობის, კონცენტრაციისა და აქტივების ღირებულების შეფასების რისკებს. ამ მიმართულებით მთავარი რისკის ოფიცრის ხელმძღვანელობით რეგულარულად ჩატარდება სტრესტესტები და სცენარული ანალიზები, რათა შეფასდეს შესაძლო ეკონომიკური შოკების გავლენა საინვესტიციო პორტფელზე.
არასაინვესტიციო რისკები: მოიცავს სტრატეგიულ, საოპერაციო, ინფორმაციული უსაფრთხოების (კიბერრისკები), სამართლებრივ და რეპუტაციულ რისკებს.
დადგენილებით ასევე განისაზღვრა რისკის მართვის სამსახურისა და მთავარი რისკის ოფიცრის უფლება-მოვალეობები, მათ შორის ეროვნული ბანკისა და მმართველობითი საბჭოს წინაშე პერიოდული (ყოველთვიური და კვარტალური) ანგარიშგების ვალდებულება.
























