მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საპენსიო სესხების თემა გამჭვირვალედ, სხვადასხვა მხარის ჩართულობით უნდა წარიმართოს“

611e6b256bb1d
თათია ჩაფიჩაძე
19.08.21 18:36
951
მიმდინარე კვირის დასაწყისში საპენსიო სესხების საკითხზე შექმნილმა კომისიამ პირველი შეხვედრა გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობდა, ყურადღება სახელმწიფო პენსიის, კომპენსაციის, სოციალური პაკეტების, საარსებო თუ სხვა სახის შემწეობების დარიგების მიზნით საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრაზე გამახვილდა.

აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით, „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე აცხადებს, რომ პროცესის გამჭირვალობისთვის მნიშვნელოვანია შეხვედრებში პოლიტიკოსებთან ერთად, შესაბამისი პროფილის არასამთავრობო ორგნაზიაციების წარმომადგენლებიც ჩაერთონ, რათა წინასაარჩევნო პოპულიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული.

„პროცესი უნდა წარიმართოს იმგვარად, რომ საბოლოო ჯამში მოგებულები პენსიონერები დარჩნენ. მათ არ უნდა შეექმნათ დამატებითი პრობლემა თავისი პენსიის აღებასთან დაკავშირებით, არც დამატებითი გადასახადის გადახდა არ უნდა მოუწიოთ. ეს უნდა უზრუნველყოს ან იმ კომერციულმა ბანკმა ვინც ახალ ტენდერში გაიმარჯვებს, ან თვითონ სახელმწიფომ.

აქამდე, როგორც ჩანს, ლიბერთი ბანკი თვითონაც არ იყო კმაყოფილი იმ ხელშეკრულებით, რაც სახელმწიფოსთან იყო გაფორმებული. როგორც ჩანს, ეს ხელშეკრულებაც გადაიხედება, ასევე მნიშვნელოვანია სხვადასხვა მხარის ჩართულობა იმისთვის, რომ პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს და არ დააზარალოს არც პენსიონერი, არც სახელმწიფო და არც კომერციული ბანკი.

რაც შეეხება ე.წ. საპენსიო სესხების თემას, ეს წინასაარჩევნოდ ბევრი პოლიტიკოსისთვის პოპულისტური განცხადებების საფუძველი გახდა. საარჩევნოდ კი ჩვენ ბევრი განცხადება მოგვისმენია, მათ შორის სხვადასხვა დაპირებები სესხებთან დაკავშირებითაც, უფასო ფულიდან დაწყებული, 0%-იანი სესხებით და საპროცენტო განაკვეთების განახევრებით გაგრძელებული, მაგრამ შედეგი არცერთ შემთხვევაში არ დამდგარა. ე.წ. საპენსიო და ყველანაირი სესხის საპროცენტო განაკვეთზე, პროცენტის შემცირებას ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა სჭირდება და არა მხოლოდ პოლიტიკური ცვლილებები. პოლიტიკურ ცვლილებებს შეიძლება მოჰყვეს ეკონიმიკური წინსვლაც, მაგრამ თუ მხოლოდ დაპირებებად დარჩება, ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, მომხმარებელი და პენსიონერები მოტყუებული დარჩებიან. ამიტომ მგონია, ეს პროცესი ერთობლივად უნდა განიხილოს შესაბამისმა კომისიამ და მნიშვნელოვანია, რომ იყოს რეალურად გათვალისწინებული პენსიონერების უფლებები.

ჩვენ ლიბერთი ბანკთანაც გვაქვს კომუნიკაცია. საბანკო ასოციაციასთანაც მზად ვართ, რომ ჩავერთოთ როგორც ნეიტრალური მხარე და დამკვირვებელი ამ კომისიის მუშაობაში. სახელმწიფომ ამ პროცესის გამჭირვალობა მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს. რამდენადაც ვაკვირდები, ბანკის ინტერესში ეს შედის “, - განაცხადა BM.GE-სთან სუაბრისას გიორგი კეპულაძემ.

საპენსიო სესხების საკითხზე შექმნილმა კომისიამ პირველი შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, როგორც პენსიები, ისე სხვა სახელმწიფო კომპენსაციები და სოციალური დახმარებები მაქსიმალურად კარგი პირობებით გაიცეს.

"მთავრობის 28 ივლისის დადგენილებით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია მუშაობას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს და რეგულარულად შეიკრიბება. კომისიის მიზანია, პენსიის, სხვადასხვა სახის სახელმწიფო კომპენსაციისა თუ დახმარების დარიგების არსებული სისტემის შესწავლა, ამ პროცესში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და ანალიზი. კომისია ასევე შეიმუშავებს შესაბამის საკონკურსო პირობებს მოსახლეობის სახელმწიფო გასაცემლებით უზრუნველყოფის საბანკო დაწესებულებების გამოსავლენად", - აცხადებენ ადმინისტრაციაში.
შეგახსენებთ, 2 აგვისტოს პრემიერმა განაცხადა, რომ საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი უნდა შემცირდეს.