“საზოგადოება და ბანკების “ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ “ინფლაცია დღეს რომ მაღალი არ არის, არ ნიშნავს, რომ რამეზე ფასები შემცირდა”. ამის შესახებ მან იანვარში დაფიქსირებული 2%-იანი წლიური ინფლაციის შეფასებისას განაცხადა.
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით, იანვარში წლიურმა ინფლაციამ 2% შეადგინა. დეკემბერთან შედარებით კი იანვარში ინფლაცია 0,4%-ით დაჩქარდა. ინფლაციის ფორმირებაზე ტრადიციულად დიდი გავლენა სურსათის ჯგუფში ფასების ზრდას ჰქონდა.
გიორგი კეპულაძის შეფასებით, თუ ქვეყნის იზოლაცია გაგრძელდება, ინფლაციური მოლოდინები გაუარესდება, რასაც შეიძლება სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების ზრდა მოჰყვეს. მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში კი, მისი თქმით, ეროვნულ ბანკს ფასების სტაბილურობისთვის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მოუწევს.
“ჩვენ ვხედავთ, რომ მაღალი ინფლაციაა 2 წლის განმავლობაში, რამაც გამოიწვია ფასების ზრდა. თუ დავაკვირდებით დინამიკას, განსაკუთრებით პირველადი მოხმარების პროდუქციაზე, ფასები ნელ-ნელა იმატებს. ის, რომ ახლა საპროგნოზო მაჩვენებლების ფარგლებშია ინფლაცია, არ ნიშნავს იმას, რომ შეიძლება არ გაიზარდოს ან იგივე დონეზე დარჩება. ინფლაცია რომ არ იყოს, მნიშვნელოვანია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ერთი და მეორე, ეროვნული ბანკის ადეკვატური მოქმედება, რომ თუ დაინახავს, რომ ინფლაციური მოლოდინები იზრდება, მან უნდა გაამკაცროს შემდეგ მონეტარული პოლიტიკა, რაც ეკონომიკურ ზრდასაც შეამცირებს და არ არის შეიძლება კარგი ქვეყნისთვის მაღალი საპროცენტო განაკვეთები, მაგრამ თუ სხვა გზა არ რჩება, ცუდსა და უარეს შორის უწევს არჩევანის გაკეთება ეროვნულ ბანკს”, - აცხადებს გიორგი კეპულაძე.
საქართველოს ეროვნული ბანკი 2025 წელს საშუალოდ 4.2%-იან ინფლაციას მოელის, რაც ცენტრალური ბანკის სამიზნე 3%-ზე მაღალია. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის თანახმად, საბაზო პროგნოზით 2025 წლის მეორე ნახევარში ინფლაცია დროებით გადააჭარბებს 3%-იან ნიშნულს, რის შედეგადაც წლის განმავლობაში საშუალო ინფლაცია 4.2%-ის ფარგლებში იქნება.
გეოპოლიტიკური რისკების ზრდას, საერთაშორისო სასაქონლო ფასების ზრდასა და ინვესტორთა ნდობის შესუსტების ფონზე სები მაღალ ინფლაციურ სცენარს განიხილავს, რა შემთხვევაშიც ინფლაცია 2025 წელს 5.7%-მდე მოიმატებს.
დაბალ ინფლაციური სცენარი კი გეოპოლიტიკური სტაბილურობის გაუმჯობესებას, საგარეო ინვესტიციების ზრდასა და საერთაშორისო ბაზრებზე ფასების შემცირებას ეფუძნება, რა დროსაც ინფლაცია მიზნობრივზე დაბლა, 2.6%-მდე შემცირდება.
რომელი პროდუქტები გაძვირდა/გაიაფდა იანვარში?




























