მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სებ-ის ქმედებებში ჩანს, რომ არც ისე სახარბიელო სიტუაციაა... შესაძლოა, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდაც მოუწიოს - კეპულაძე

კეპო

„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებლის შეფასებით, ეროვნული ბანკის მიერ მორიგ ჯერზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვება ლოგიკური იყო.

საქმე ისაა, რომ სებ-მა 2025 წლის 18 ივნისის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უკვე მეცხრეჯერ უცვლელად, 8%-ზე დატოვა.

გიორგი კეპულაძის შეფასებით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება იმას ნიშნავს, რომ ინფლაციური რისკები გაზრდილია, როგორც საგარეო ფაქტორების, მათ შორის ისრაელი-ირანის კონფლიქტის, ასევე შიდა რისკების ფონზე. მისი განცხადებით, ამ პირობებში შესაძლოა, სებ-ს განაკვეთის გაზრდა მოუწიოს.

“ეროვნული ბანკის ნაბიჯი ლოგიკური იყო, რომ ისევ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში დარჩა. ეს პირველ რიგში, იმას ნიშნავს, რომ რაზეც მთავრობა საუბრობს, ეკონომიკურ ზრდაზე და აღმავლობაზე, ეს არის მხოლოდ ფურცელზე და რეალურად, საკმაოდ რისკიან მდგომარეობაშია დღეს საქართველოს ეკონომიკა, როგორც ინფლაციური მოლოდინების, ასევე ეკონომიკური ზრდის შესუსტების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, პოლიტიკოსებს ამაზე ლაპარაკი არ უყვართ, თუმცა ეროვნული ბანკის ქმედებებში ჩანს, რომ არც ისე სახარბიელოა სიტუაცია, საკმაოდ მყიფეა მდგომარეობა და ამის მიზეზი არის არა მხოლოდ საერთაშორისო ფაქტორები და საგარეო შოკები, არამედ შიდა პოლიტიკური კრიზისი. ინვესტიციები ისტორიულ მინიმუმზეა, ყოველწლიურად ქვეყანაში ახალი ფულის შემოდინება მცირდება, რაც თავისთავად დამატებით რისკებს აჩენს

ასევე წამყვანი ანალიტიკური ორგანიზაციების პროგნოზით, წლის ბოლოსთვის, 5%-მდეც გაიზრდება ინფლაცია, ეს შარშანდელთან შედარებით, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით კიდევ უფრო მეტად იზრდება წელს ფასები. რეგიონშიც გაურკვევლობაა, თუმცა ეს პირველად არ ხდება, მუდმივად არის დაძაბულობა. შესაბამისად, ვფიქრობ, ეროვნულ ბანკს შესაძლოა, მოუწიოს კიდეც რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა, თუ ეს გაურკვევლობა გაგრძელდა და მით უმეტეს, თუ ეს შიდა პოლიტიკური კრიზისი არ განიმუხტა დროულად, რადგან ჯერჯერობით ამის ნიშნები სამწუხაროდ არ ჩანს”, - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები