„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებლის შეფასებით, ეროვნული ბანკის მიერ მორიგ ჯერზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვება მოსალოდნელი იყო.
როგორც გიორგი კეპულაძემ BMG-ის საკითხის შეფასებისას განუცხადა, სებ-ი მაინც ინარჩუნებს შედარებით მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას, რადგან კვლავ მაღალია ინფლაცია, განსაკუთრებით სურსათის ფასების მიმართულებით.
მისი თქმით, მოლოდინია, რომ არსებული მონეტარული პოლიტიკა მინიმუმ 2026 წლის პირველი კვარტალის ჩათვლით შენარჩუნდება.
“მოსალოდნელი იყო, რომ დღეს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არ შეიცვლებოდა. უკვე მომავალი წლიდან, ალბათ წლის მეორე ნახევრიდან შეიძლება რომ შეიცვალოს. ორი საკითხია აქ, საჭირო იყო თუ არა ახლა განაკვეთის გაზრდა და ეს და რა შედეგებს გამოიწვევს. უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული ბანკი მაინც ინარჩუნებს ზომიერად მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას, რადგან კვლავ სახეზეა გამოწვევები. მათ შორის ინფლაცია, რომელიც 4.8%-მდე ჩამოვიდა ნოემბერში, მაგრამ საშუალოდ ალბათ წლიური 4% მაინც იქნება, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, მით უმეტეს, როდესაც სურსათის გაძვირებაზე საუბარი, რაც ჩვენი მოხმარების თითქმის ნახევარია. საშუალო ქართული ოჯახის [მოხმარების] ნახევარი მოდის სურსათზე. საშუალო ინფლაცია რომ 4-5%-ია და 10-12%-ია სურსათის ინფლაცია, რა თქმა უნდა, ჩვენ პირველ რიგში, ეს გვადარდებს.
ჩვენ ვიცით, რომ როდესაც მაღალია რეფინანსირების განაკვეთი, 8% და მეტი, ის ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად მოქმედებს, მაგრამ თუ შეამცირებ, ამან შეიძლება შემდეგ ფასების ზრდა გამოიწვიოს, ამიტომ აქ არ არის საუკეთესო არჩევანი, როგორც წესი, რაღაცის დათმობა უწევს [სებ-ს]. ეროვნულმა ბანკმა იცის, მან რომ გაზარდოს რეფინანსირების განაკვეთი, ეს უარყოფითად იმოქმედებს რეალურ ეკონომიკურ ზრდაზე და კიდევ უფრო მეტ პრობლემებს შექმნის. ამიტომ სასურველია, რომ მომავალ წელს უკვე ეროვნულმა ბანკმა იფიქროს რეფინანსირების განაკვეთის ცოტათი მაინც შემცირებაზე. თუმცა, ვფიქრობ, 2026 წლის პირველ კვარტალში მაინც არ უნდა ველოდოთ რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას”, - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 17 დეკემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ი მიუთითებს, რომ იმის მიუხედავად, რომ ნოემბერში ინფლაცია წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტით 4.8%-მდე შემცირდა, მაინც მნიშვნელოვანია რეფინანსირების განაკვეთი 8%-იან ნიშნულზე შენარჩუნდეს.




























