“საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება მათ შორის სავალუტო ფონდის შეჩერებული პროგრამის გამოძახილია, რამაც საინვესტიციო გარემოზე ნეგატიურად იმოქმედა.
როგორც გიორგი კეპულაძემ "ანალიტიკას" ეთერში განაცხადა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შეფასებები ინვესტორების გადაწყვეტილებებზე მნიშვნელოვნად მოქმედებს.
"შეგვიძლია თავისუფლად ვივარაუდოთ, რომ წინა წელს ინვესტიციების 30%-იანი კლების ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა შეჩერებულია. სავალუტო ფონდი არ უნდა აღვიქვათ მარტო ფულის მომწოდებლად ან რეფორმებისკენ მომწოდებლად, ეს ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე მნიშვნელოვნად მოქმედებს. ის უარესდება, როდესაც ინვესტორი უყურებს, რომ ფონდმა პროგრამა შეაჩერა და ამის მიზეზად იმას ასახელებს, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას, რომელიც ნეიტრალური არბიტრი უნდა იყოს, სავარაუდოდ, შეექმნა პრობლემები და არის კითხვები. ყველა ინვესტორს არ აქვს შესაძლებლობა სიღრმისეული კვლევები ჩაატაროს საქართველოს მაკროეკონომიკურ გარემოზე. ის უყურებს საერთაშორისო სანდო ინსტიტუტების კვლევებს დასკვნებს. სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერება კი ერთ-ერთი დასკვნა და შედეგია. ამას ვიმკით დღეს, სავალუტო შემოდინებების შემცირება არის მიზეზი იმის, რომ სებ-ის რეზერვები მცირდება, ყველაფერი კავშირშია ერთმანეთთან",- აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.
მისივე თქმით, სავალუტო ფონდის მხრიდან პროგრამის განახლებას "ქართული ოცნება" პოლიტიკურად გამოიყენებს და საკუთარი ლეგიტიმაციის აღიარებად წარმოაჩენს, რაც სავალუტო ფონდმაც კარგად იცის.
"ისინი ამას გაყიდიან, როგორც "ქართული ოცნების" წარმატებას და ლეგიტიმაციას. ამას საერთაშორისო სავალუტო ფონდიც კარგად ხვდება, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ პირდაპირ ეუბნებიან: ჩვენ ჩვენი პირობები გვაქვს იმ პროგრამის, რომელშიც ფული შენ უნდა მომცე. ასე არ მუშაობს საერთაშორისო საფინანსო სისტემა",- განაცხადა გიორგი კეპულაძემ.
შეგახსენებთ, IMF-ის მიერ მხარდაჭერილი $280-მილიონიანი პროგრამა 2023 წლის ზაფხულში მას შემდეგ შეჩერდა , რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შეიტანა. სწორედ ამ ცვლილებებით სებ-ის სტრუქტურაში გაჩნდა პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობებს ასრულებს. IMF-ის შეშფოთება გააღრმავა 2023 წლის სექტემბერში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების შესახებ საგამონაკლისო წესის მიღებამ.
ამ ფაქტების გამო, IMF-ის პროგრამა შეჩერდა, რადგანაც საქართველოს მთავრობას ფონდთან გაფორმებულ მემორანდუმში ვალდებულებად ჰქონდა აღებული, რომ ხელისუფლება ფონდთან შეუთანხმებლად სებ-ის კანონმდებლობას არ შეცვლიდა, პარლამენტის მიერ დაძლეული ვეტო კი სწორედ ამ ვალდებულების დარღვევას წარმოადგენდა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც სავალუტო ფონდი უსვამს ხაზს უკავშირდება სახელმწიფო საწარმოების მართვას. IMF მიიჩნევს, რომ კანონში, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს ასახული უნდა იყოს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმირების ის მოდელი, რომელიც ასახულია ფონდის ჩართულობით 2022 წლის ბოლოს მომზადებულ სტრატეგიაში.