ანალიტიკურ ორგანიზაციებში ელიან, რომ ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის შერბილების საშუალება 2026 წლის მეორე ნახევრიდან ექნება.
როგორც Galt & Taggart-ში BMG-ის განუცხადეს, სებ-ის მხრიდან მორიგ ჯერზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვება მოსალოდნელი იყო.
საინვესტიციო ბანკის ეკონომისტის ლაშა ქავთარაძის თქმით, მოსალოდნელია, რომ 2026 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3%-მდე შენელდება, რაც სებ-ს საშუალებს მიაცემს მთლიანობაში მონეტარული პოლიტიკა ნახევარი პროცენტული პუნქტით, 7.5%-მდე შეარბილოს.
“ეროვნულმა ბანკმა უცვლელად დატოვა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. ეს მოლოდინი ჩვენც გვქონდა. მეტიც, მომდევნო წლის პირველ კვარტალშიც ჩვენ ვფიქრობთ, რომ განაკვეთი 8%-ზე იქნება შენარჩუნებული. დღევანდელი გადაწყვეტილება ფაქტობრივად ეყრდნობოდა იმას, რომ ბოლო პერიოდში ინფლაცია არის გაზრდილი. მაგალითად, 2025 წლის მარტიდან მოყოლებული ინფლაციის ტემი არის დაჩქარებული და პიკს მიაღწია ოქტომბერში, ხოლო ნოემბერში საბაზო ეფექტის გამო შენელება გვაქვს, 4.8% არის წლიური ინფლაცია. ჩვენი პროგნოზით, კიდევ გაგრძელდება ეს შენელება თანდათანობით.
მაგალითად, დეკემბერში ჩვენი პროგნოზით ინფლაცია 4.4% იქნება და საგრძნობ შენელებას დავინახავთ 2026 წლის მარტიდან. მიმდინარე წელს წლიურ ინფლაციას მნიშვნელოვნად განაპირობებს სურსათისა და ჯანდაცვის კატეგორიებში ფასების ზრდა, რომელიც ჩვენი შეფასებით მილევადი იქნება უკვე მომავალი წლის მარტიდან და ამას დავინახავთ უკვე წლიურ ინფლაციაში. ის, რომ სურსათის ფასების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შენელდება, ამის ინდიკაციას გვაძლევს დღეს საერთაშორისო ბაზრებზე სურსათის ფასების კლების ტენდენცია, რომელიც მეორე თვეა უკვე შემცირებულია. შედეგად, იმპორტირებული ინფლაცია შესუსტდება. ჩვენი პროგნოზით, საშუალო წლიური ინფლაცია მიმდინარე წლის მოსალოდნელი 3.9%-დან 3%-მდე შენელდება 2026 წელს. ეს შენელება განსაკუთრებით გამოვლინდება უკვე წლის მეორე ნახევარში, სადაც ჩვენი პროგნოზით ინფლაცია მიზნობრივ 3%-ს ჩამოსცდება და წლის ბოლოს 2.3% იქნება. ამ შენელების ფონზე კი ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის შერბილების შესაძლებლობა ექნება. ჩვენი გათვლებით, შემცირება დაახლოებით 0.5 პროცენტული პუნქტით, 7.5%-მდე იქნება 2026 წლის ბოლომდე.
[განაკვეთის] შემცირებას უმეტეს წილად წლის მეორე ნახევარში ვვარაუდობთ, როდესაც ნათლად დაინახავენ, რომ ინფლაცია არის შენელებული, ის ახლოს არის მიზნობრივ დონესთან, სავარაუდოდ, ამის შემდეგ დაიწყებს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას”, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 17 დეკემბერის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ი მიუთითებს, რომ იმის მიუხედავად, რომ ნოემბერში ინფლაცია წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტით 4.8%-მდე შემცირდა, მაინც მნიშვნელოვანია რეფინანსირების განაკვეთი 8%-იან ნიშნულზე შენარჩუნდეს.




























