Galt & Taggart-ში აცხადებენ, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად შენარჩუნება მოსალოდნელი იყო.
საქმე ისაა, რომ 7 მაისის სხდომაზე ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც Galt & Taggart-ის ეკონომისტმა, ლაშა ქავთარაძემ BMG-ის განუცხადა, წლის განმავლობაში ინფლაციის დაჩქარებაა ნავარაუდევი, რის გამოც წელს განაკვეთის 8%-ზე შენარჩუნებაა მოსალოდნელი.
მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3.7% იქნება, მესამე კვარტალში კი ფასების ზრდის დონე 4-5%-მდე დაჩქარდება.
„ჩვენი პროგნოზი იყო, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დარჩებოდა 7 მაისის სხდომაზე და ასევე ჩვენი პროგნოზია, რომ მთელი წლის განმავლობაში ის უცვლელი დარჩება 8%-ის დონეზე. ამის არგუმენტი ისაა, რომ წელს ინფლაცია მიზნობრივ დონეზე მაღალი იქნება, ჩვენი პროგნოზით, 3.7%. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუკი 2025 წლის პირველ ოთხ თვეში ინფლაცია მაინც დაბალ ნიშნულზეა, მომდევნო თვეებში ის უნდა გაიზარდოს და მესამე კვარტალში ველოდებით, რომ ინფლაცია 4-5%-ის ფარგლებში იქნება. აქ რამდენიმე ფაქტორია საყურადღებო, ფაქტორები, რომლებიც ინფლაციის ზრდისკენაა მიმართული და პირიქით. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან ადგილობრივი ინფლაცია მზარდია, მათ შორის მარტიდან ხორბლის პური გაძვირდა. საერთაშორისო ბაზრებზე სურსათის ფასები მზარდია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ფაქტორი ჩვენთანაც გადმოეცემა, თუმცა მას გარკვეულწილად ანეიტრალებს ის, რომ დოლარი შესუსტებულია და ამ ფაქტორის გამო ლარი გამყარებულია“, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.
რაც შეეხება მომავალი წლის მოლოდინებს, Galt & Taggart-ის ამჟამინდელი პროგნოზით, 2026 წლისთვის ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში იქნება, რაც სებ-ს საშუალებას მისცემს, რეფინანსირების განაკვეთი შეამციროს.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ გლობალურად წარმოქმნილი რისკები უფრო დასტაბილურდება და 2026 წლიდან უფრო მეტ ალბათობას მივანიჭებდით დაბალ ინფლაციურ სცენარს, სადაც ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა ექნება, ინფლაცია მოსალოდნელია, რომ 3%-თან ახლოს იყოს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ რეფინანსირების განაკვეთი შესაძლოა, 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდეს“, - აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2025 წელს ინფლაცია 3.8%-ის ფარგლებში იქნება.




























