მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს რეფინანსირების განაკვეთის მეტ შემცირებას არ ველით - ლაშა ქავთარაძე

ლაშა ქავთარაძე

Galt&Taggart-ის ეკონომისტი, ლაშა ქავთარაძე ამბობს, რომ ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 0.25 პპ-ით შემცირება პროგნოზის შესაბამისია. როგორც ლაშა ქავთარაძემ BMG-ის განუცხადა, წელს მონეტარული პოლიტიკის დამატებით შერბილება მოსალოდნელი არაა.

„არსებულ მონაცემებს თუ გავითვალისწინებთ, ვფიქრობდით, რომ შესაძლოა ყოფილიყო შემცირება. ჩვენ ვპროგნოზირებდით, რომ წლის განმავლობაში სებ-ს ექნებოდა შესაძლებლობა 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირების. ეს გაკეთდა ახლა და არ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე სებ-ს კიდევ ექნება შემცირების შესაძლებლობა. ვფიქრობთ, [რეფინანსირების განაკვეთი] ამ დონეზე იქნება შენარჩუნებული, სანამ არ დავინახავთ, რომ 2025 წლისთვისაც ინფლაცია მიზნობრივთან ახლოს იქნება. ჩვენი საბაზისო სცენარით, 2025 წელს ფაქტობრივი ინფლაცია დიდად არ იქნება მიზნობრივი დონიდან გადახრილი და სებ-ი საშუალოვადიან პერიოდშიც პოლიტიკის შერბილებას გააგრძელებს“, - ამბობს ლაშა ქავთარაძე.

რაც შეეხება სებ-ის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილების მიზეზებს, როგორც ეკონომისტი ამბობს, ეს დაბალ ინფლაციურ გარემოს უკავშირდება, ვინაიდან წლის პირველ ოთხ თვეში ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალი იყო.

„შემცირების ძირითადი არგუმენტი ის არის, რომ ინფლაციური გარემო ნარჩუნდებოდა დაბალ ნიშნულზე. პირველ კვარტალში 1%-ზე დაბალ დონეზე ნარჩუნდებოდა. ეროვნული ბანკი უყურებს კომპოზიციას, თუ საიდან ფორმირდება ინფლაცია. მაგალითად, აპრილში ინფლაციის 1.5%-მდე გაზრდაში დიდი წვლილი ჰქონდა იმპორტირებულ ინფლაციას და ეს ძირითადად ნავთობპროდუქტების ფასების ზრდით იყო განპირობებული. რაც შეეხება დანარჩენ კომპონენტებს, მნიშვნელოვანია ადგილობრივად წარმოებილი პროდუქციის ფასების ინფლაცია. ეს მაჩვენებელი 3%-ზე დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება იმ პირობებში, როდესაც ეკონომიკური აქტივობა მაღალია. პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა 7.8% იყო, რაც პოტენციურ დონეზე მაღალია და აქედან უნდა მომდინარეობდეს ზეწოლა ფასების დონეზე, მაგრამ ვხედავთ, რომ ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ფასების ინფლაცია დაბალია“, - აცხადებს ლაშა ქავთარაძე.

მისივე თქმით, ლარის კურსთან დაკავშირებით პროგნოზია, რომ 2.7-2.8-ის შუალედში იქნება და კურსიდან ინფლაციაზე მცირე ზეწოლა იქნება, თუმცა ეს საშუალოწლიურ ინფლაციაზე არ იმოქმედებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 22 მაისს რეფინანსირების განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები