მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის გაუფასურება "რუსული კანონის" მიღებას და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს უკავშირდება - გიორგი კეპულაძე

კეპულაძე

„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებლის, გიორგი კეპულაძის შეფასებით, ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით ე.წ „რუსული კანონის“ მიღებას და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

როგორც გიორგი კეპულაძე BMG-სთან აცხადებს, ბოლო პერიოდში ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური გარემოსა და დასავლეთის მიერ დაანონსებული სანქციების ფონზე გაუარესებულია ბიზნესისა და ინვესტორების განწყობა, რაც საბოლოოდ სავალუტო ბაზარზეც უარყოფითად აისახება.

მისი თქმით, სავარაუდოა, რომ ქვეყანაში არსებული არასტაბილურობის ფონზე, სავალუტო ბაზრის მონაწილეებმა თანხების და ანაბრების გადატანა უცხოურ ვალუტაში დაიწყეს, რამაც ლარის გაუფასურება გამოიწვია. მისივე თქმით, შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება.

„ეს ყველაფერი „რუსული კანონის“ მესამე მოსმენით მიღებას და შემდეგ უკვე აშშ-ს მხრიდან დაანონსებულ სავარაუდო ფინანსურ სანქციებს უკავშირდება, რომელიც მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებელ პირებზე იქნება მიმართული. საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში ლარის კურსზე, რა თქმა უნდა, ეკონომიკური, ფუნდამენტური ფაქტორები მოქმედებს. თუმცა მოკლევადიან პერიოდში სავალუტო ბაზარზე ზეგავლენას პოლიტიკური ვითარება ახდენს, მათ შორის დასავლელი პარტნიორების განცხადებები, რომლებიც პესიმისტურ პროგნოზს აკეთებენ საქართველოსთან მიმართებაში. როდესაც აშშ აცხადებს, რომ გადაიხედება საქართველოს მიმართ დაფინანსება, ბუნებრივია, რომ ამას ბიზნესზეც აქვს გავლენა და ის შესაბამისად რეაგირებს. მსხვილი იმპორტიორები მიდიან და ახურდავებენ ლარს დოლარში, ვიღაცებს ანაბარი გადააქვთ ლარიდან დოლარში და ეს იწვევს რყევებს. რა შედეგიც მივიღეთ ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ 84 დეპუტატს, რომელმაც ხმა მისცა „რუსულ კანონს“ და ზოგადად მთლიანად „ქართულ ოცნებას“. პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო არის ეს მდგომარეობა ახლა ეკონომიკაში, შესაბამისად, ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე პოლიტიკური დესტაბილიზაცია გაგრძელდება”, - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

ცნობისთვის, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებაში 4.59 თეთრით გაუფასურდა და 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7323 ლარი გახდა. ამ დროისთვის კი ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში ერთი დოლარი 2.7775 თეთრად ივაჭრება.

ამასთან, დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარის ინტერვენცია განახორციელა. როგორც სებ-ის განცხადებაშია ნათქვამი, ბაზრისთვის ლიკვიდობის მიწოდების გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე განვითარებულ აჟიოტაჟურ პროცესებთან დაკავშირებით მიიღო, რომელსაც თან ახლდა ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები. შედეგად, ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნა დაფიქსირდა, რამაც ლარის გაცვლით კურსზე დამატებითი წნეხი შექმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები