მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველო არ/ვერ იქნება სანქციების გვერდის ავლის ადგილი“ - ხუციშვილის პასუხი უკრაინულ დაზვერვას

626fa5ffd4894
ვიქტორია მღებრიშვილი
02.05.22 14:00
975
„საქართველო არ და ვერ იქნება სანქციების გვერდის ავლის ადგილი“- ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვას.

კითხვა უკრაინის დაზვერვის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას შეეხებოდა, სადაც საუბარია კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ქვეყნების - სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის გავლით რუსეთიდან სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონლის გატანის შესახებ.

ლაშა ხუციშვილმა განმარტა, რა ფორმით არის საქართველო მიერთებული საერთაშორისო ფინანსურ და სავაჭრო სანქციებს და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „სანქციების აღსრულების ნაწილში საქართველოსთან მიმართებით პარტნიორების მხრიდან კითხვები არ არის“.

„ამ კუთხით საქართველომ ყველა ის ნაბიჯი გადადგა, რაც აღნიშნული განცხადების უზრუნველსაყოფად იქნება საჭირო. ეს ეხება როგორც საფინანსო კუთხით, ასევე კონკრეტულ საქონელთან მიმართებით დაწესებულ სანქციებს. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან, ვინც უშუალოდ დააწესეს აღნიშნული სანქციები და ისინი დეტალურად არიან ინფორმირებულები, თუ რას აკეთებს საქართველო და ჩვენს პარტნიორებს საქართველოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით შეკითხვები არ აქვთ. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ყველა პარტნიორთან ახდენს ინფორმაციის გაცვლა/დაზუსტებას და ეს პროცესი უზრუნველყოფს იმას, რომ არ იყოს დაშვებული რაიმე ტიპის შეცდომა.

როდესაც საუბარია დიდი რაოდენობის საქონლის მოძრაობაზე, აქ მნიშვნელოვანია ყველა სანქცია იყოს განმარტებული. საფინანსო სექტორში ეს ერთიანი სისტემაა და ამ სისტემას საქართველოს საფინანსო სექტორია მიერთებული. ეროვნული ბანკის სახით საფინანსო სექტორს მყარი და კარგი რეგულატორი ჰყავს და ამ მიმართულებით რაიმე სირთულეს არ ველოდებით.

რაც შეეხება საქონელთან მიმართებით, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს კონკრეტული სასაქონლო კოდების ჩამონათვალი აქვს, რომლის შეტანა და გატანა აკრძალულია. ამ სანქციების აღსრულების ნაწილში ჩვენი პარტნიორების მხრიდან კითხვები არ არის“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ფინანსთან მინისტრი ამბობს, რომ უკრაინის მიერ საქართველოს სანქციების გვერდის ავლაში დადანაშაულების მეორე შემთხვევაა და სახელმწიფო უკრაინულ მხარესთან ოფიციალური კომუნიკაცია მტკიცებულებების წარმოდგენის მოთხოვნით ექნება.

„სამწუხაროდ ამ შემთხვევაში არანაირი დამატებითი ინფორმაცია მოწოდებული არ არის. სახელმწიფოს ექნება კომუნიკაცია და მოვითხოვთ ინფორმაციას, თუ რის საფუძველზე კეთდება ასეთი ტიპის განცხადებები. განცხადების მიხედვით, საუბარია იმაზე, რომ რუსეთში წარმოებული პროდუქცია რეექსპორტით გავიდეს იმ ქვეყნებში, რომელშიც ასეთი ტიპის საქონლის შეტანა აკრძალულია. ქვეყნებს, რომლებსაც არ აქვთ სანქციები დაწესებული საქართველოს გავლით რეექსპორტის განხორციელების საჭიროება არ აქვთ, საქართველო შეიძლება იყოს ტრანზიტის ქვეყანა იმ საქონლისთვის, რომელზეც არ არის დაწესებული სანქციები.

მეორე შემთხვევაში ის ქვეყნები, რომლებსაც სანქციები აქვთ დაწესებული ,ამ სანქციებთან მიმართებით არ მოხვდეს რუსული პროდუქცია. ჩვენ მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, ძალიან მკაცრი საბაჟო კონტროლი შესაბამისი რისკების პროფილების გათვალისწინებით ხორციელდება და ისინი სანქციების დაწესების პირველივე დღიდან საბაჟო სისტემაშია იმპლემენტირებული. მეორე მხრივ, როდესაც ვსაუბრობთ საქონელზე, რომელსაც უშუალოდ აქვს დაწესებული სანქციები, წარმოუდგენლად მიმაჩია აკრძალული რუსული პროდუქცია საქართველოს გავლით ევროკავშირის ქვეყანაში ქართული წარმოების სერტიფიკატის მინიჭებით გავიდეს, ამაზე არათუ საქართველო, არამედ ევროკავშირი ძალიან დიდ კონტროლს აწარმოებს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.