მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო და რეგიონი: ეკონომიკის აღდგენის ტემპი

61a565c067a1d
ეგნატე შამუგია
05.12.21 00:02
1234
ორშაბათის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა წინასწარ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ინფორმაციის გამოქვეყნებამდე, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ოქტომბრისთვის, დაახლოებით, 7%-მდეა, რაც 10 თვეში ჯამში 10.5% გამოდის“. ეს კი მთავრობის ხელმძღვანელის შეფასებით „მართლაც უნიკალური, უპრეცედენტოდ მაღალი ზრდაა რეგიონში კი არა მთელ ევროპაში“. ასეთი რამ პრემიერ-მინისტრის მიერ პირველად არ თქმულა, რადგან წინა შემთხვევებშიც მსგავს რამეს იმეორებდა. მაგალითად, სექტემბერში აცხადებდა, რომ „12%-იანი ეკონომიკური ზრდა რეგიონში უპრეცედენტოა".
 
ფაქტია, რომ საქართველოში ეკონომიკის აღდგენის ტემპი შედარებით მაღალია, მაგრამ ამის შედარება ევროპის განვითარებადი ეკონომიკების ზრდის ნიშნულთან რიცხვებით მანიპულაციაა, რადგან განვითარებადი ეკონომიკის ზრდის ტემპი ვერ შეედრება განვითარებადს. ეკონომიკის ზრდის ნიშნულებს შორის მკვეთრი სხვაობა გამოწვეულია ფუნდამენტური ფაქტორით - საბაზო (საწყისი) პირობებით. განვითარებული ეკონომიკები ახლოს არიან გამოშვების ზედა ზღვართან და ადამიანური და ფიზიკური კაპიტალი მეტად ათვისებული აქვთ. განვითარებადი ეკონომიკები კი არასრულად იყენებენ რესურსებს. მათ აქვთ უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ მაღალი, ე.წ. „დამწევი ზრდა“. ამდენად, განვითარებადი ეკონომიკის ზრდის ტემპის შედარება განვითარებულთან მცდარ შეფასებას იძლევა. მაგალითად, გერმანიის ერთ სულ მოსახლეზე განაწილებული ეკონომიკა რეალური ეკონომიკის (მსყიდველობითი უნარის პარიტეტი) ოდენობა გასულ წელს 51.7 ათასი დოლარი (საერთაშორისო) იყო, ხოლო მიმდინარე წლისთვის აღნიშნულის 1.5 ათასით მეტი, 53.2 ათას დოლარამდე ზრდაა მოსალოდნელი, რაც 2.9%-იანი ზრდაა. საქართველოში ბევრად მაღალი, 7.8%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, მაგრამ ერთ სულ მოსახლეზე რეალური ეკონომიკა უფრო ნაკლებით, 1.1 ათასით გაიზრდება, რადგან მიმდინარე წლისთვის აღნიშნული 15.2 ათასი დოლარითაა პროგნოზირებული. გასული წლის მაჩვენებელი კი 14.1 ათასი დოლარია. უფრო უკეთ საილუსტრაციოდ, უშუალოდ რეგიონულ ჭრილში კიდევ ერთი მაგალითია უპრიანი. პანდემიამდე, 2019 წელს ევრო ზონის ეკონომიკის ზრდა 1.3% იყო, ხოლო ყველაზე ღარიბი რეგიონის - სუბ-საჰარულ აფრიკის კი 3.2% -ს აღწევდა. ცხადია, ამ მაჩვენებლებზე დაყრდნობით ვერ ვიტყვით, რომ ევროზონაში უარესი მდგომარეობა იყო, ვიდრე აფრიკის ყველაზე ღარიბ რეგიონში.

ფიგურა 1: ეკონომიკის ზრდა, 2021 წლის 6, 9 და 10 თვე (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები; ავტორის გამოთვლები

პრემიერ-მინისტრის შეფასებაში იგნორირებულია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - უშუალოდ პანდემიასთან დაკავშირებული, გასული წლის კლების საბაზისო ეფექტი. 2020 წელს ეკონომიკის შემცირება მთავრობების მიერ აქტივობის შეზღუდვის - „დიდი ჩაკეტვის“ შედეგია, ხოლო მიმდინარე წლიდან მკვეთრი ზრდა კი - შეზღუდვების მოხსნის და წინა პერიოდში დაგროვებული მოთხოვნის. აქედან გამომდინარე, ეკონომიკის აღდგენის ტემპზე მსჯელობა მეტად ობიექტური იქნება თუ მიმდინარე წლის ეკონომიკის დონეს არა გასულ, არამედ პანდემიამდე, 2019 წელს შევადარებთ. ასეთ შემთხვევაში ხსენებული ეფექტი მეტნაკლებად გამოირიცხება. თუმცა, ამის გარეშეც მიმდინარე პერიოდში საქართველოს ზრდის ნიშნული უფრო ნაკლებია, ვიდრე სამეზობლოდან - თურქეთის ეკონომიკის ზრდის ტემპი. მიმდინარე წლის პირველი სამი კვარტლის მიხედვით თურქეთის ეკონომიკა 11.8%-ითაა გაზრდილი. ამავე პერიოდში, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ნიშნული, წინასწარი მონაცემებით, 10.9%-ია. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარ-სექტემბერში თურქეთის ეკონომიკა მცირედით, 0.1%-ით იყო გაზრდილი. შესაბამისად, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში ეკონომიკის დონე 11.9%-ით მეტია, რაც საქართველოს შემთხვევაში 3.8% -ია. ამდენად, საქართველოს ეკონომიკის აღდგენის ტემპი რეგიონში „უნიკალური“ და „უპრეცედენტო“ ნამდვილად არ არის.

ფიგურა 2: 2019 წელთან მიმართებით ეკონომიკის აღდგენის ტემპი, ერთ სულ მოსახლეზე რეალური ეკონომიკის განაწილების მიხედვით
წყარო:საერთაშორის სავალუტო ფონდის ოქტომბრის მდგომარეობით 2021 წლის ზრდის პროგნოზები; ავტორის გამოთვლები.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, საინტერესო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოქტომბრის პროგნოზებზე დაფუძნებით, განვიხილოთ ფართო რეგიონის ეკონომიკების აღდგენის ტემპი. ეს კი შესაძლებლობას მოგვცემს, ვნახოთ, მიმდინარე წელს რომელი ქვეყნის ეკონომიკა გაცდება პანდემიამდე არსებულ დონეს. კერძოდ, ვაჩვენოთ მეტნაკლებად შესადარი განვითარებადი ეკონომიკების - სამეზობლოს, ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების აღდგენის ტემპი. შედარებისთვის კი ერთ სულ მოსახლეზე რეალური ეკონომიკური ზრდის ტემპის გამოყენება უმჯობესია, რადგან მოსახლეობის ფაქტორიც გამორიცხოს. სავალუტო ფონდის პროგნოზების მიხედვით, მიმდინარე წლის ბოლოს თურქეთის ეკონომიკა პანდემიამდე არსებულ ნიშნულზე 9.0%-ით მეტი იქნება და რეგიონში ამ მხრივ ლიდერია. თურქეთის შემდეგ, ეკონომიკის მკვეთრი აღდგენით სერბეთი გამოირჩევა, რომლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი მიმდინარე წლისთვის 6.5%-ია. სერბეთის ეკონომიკა 2020 წელს მხოლოდ 0.9%-ით შემცირდა. რაც შეხება საქართველოს - მთავრობის და ეროვნული ბანკის პროგნოზით, მიმდინარე წელს ეკონომიკა პანდემიამდე ნიშნულს 2.5% და 2.1%-ებით გადააჭარბებს, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის და აზიის განვითარების ბანკის უახლესი პროგნოზით ეს მაჩვენებელი 0.4% და 1.1%-ებითაა მოსალოდნელი.

განსხვავებული სურათია აზერბაიჯანსა და სომხეთში. ფონდის პროგნოზებით, მიმდინარე წელს ეკონომიკის დონე პანდემიამდე არსებულ ნიშნულს ვერ მიაღწევს. კერძოდ, სომხეთის შემთხვევაში 2021 წლისთვის ერთ სულ მოსახლეზე განაწილებული რეალური ეკონომიკის მოცულობა, 2019 წელთან შედარებით, 1.4%-ით ნაკლები იქნება, ხოლო აზერბაიჯანში კი - 3.5%-ით. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით, აზერბაიჯანის ეკონომიკა პანდემიამდე ნიშნულს მხოლოდ 0.7%-ით აღემატება, რაც სომხეთში 2.5%-იანი ჩამორჩენაა. 2020 წლის პირველ სამ კვარტალში სომხეთის ეკონომიკა 4.4%-ითაა გაზრდილი. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 6.6% -ით იყო შემცირებული. უშუალოდ სამეზობლოს გარდა, საინტერესოა საქართველოს ეკონომიკის აღდგენის დინამიკის შედარება ადრიატიკის ზღვისპირა ქვეყნების ტემპთან, რადგან მათ ეკონომიკაში ტურიზმის წილი მაღალია. მაგალითად, მონტენეგრო, რომლის ეკონომიკა ტურიზმზე მაღალი დამოკიდებულებით გამოირჩევა და აქედან გამომდინარე, შარშან ეკონომიკის 15.2%-იანი კლება დაფიქსირდა. წელს კი 7.0%-იანი ზრდაა ნავარაუდევი, რაც იმას ნიშნავს, რომ პანდემიამდე არსებულ დონე ვერ დაუბრუნდება. განსხვავებული სურათია ხორვატიაში, სადაც მიმდინარე წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით ეკონომიკა 10.7%-ითაა გაზრდილი, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც 1.5%-იანი ზრდაა.

საერთო ჯამში, როგორც სამეზობლოში, ასევე ფართო რეგიონის ქვეყნების ზრდის პროგნოზებით და არსებული ნიშნულებით საქართველოს ეკონომიკის აღდგენის ტემპი „უპრეცედენტო“ და „უნიკალური“ არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის მოცულობა პანდემიამდე არსებულ დონეს მიმდინარე წელსვე გადააჭარბებს, რეგიონის არაერთ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია. მაგალითად, მეზობელ თურქეთში, სადაც წლის ბოლოსთვის რეალური ეკონომიკის მოცულობა პანდემიამდე ნიშნულს 9.0%-ით გადააჭარბებს. საქართველოში ეს მაჩვენებელი ოპტიმისტური პროგნოზის შემთხვევაში 2.5%-ია. მკვეთრი აღდგენის ტენდენციაა ევროკავშირის წევრი, განვითარებადი ეკონომიკის მქონე რუმინეთსა და პოლონეთში. ცენტრალური აზიიდან კი - ტაჯიკეთსა და უზბეკეთში. მიმდინარე წლისთვის კი მთლიანად განვითარებადი ეკონომიკების 6.4%-იანი ზრდაა ნავარაუდევი, რაც პანდემიამდე პერიოდის ეკონომიკის დონეს 4.2%-ით გადააჭარბებს.