მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო და რუმინეთი - ეკონომიკური ურთიერთობა რიცხვებში

6344115dcb8b4
ვიქტორია მღებრიშვილი
11.10.22 10:10
1178
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუმინეთის პრეზიდენტის მიწვევით, ბუქარესტში ოფიციალურ ვიზიტით იმყოფება. ის 11-12 ოქტომბერს მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

როგორია საქართველოსა და რუმინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების დინამიკა წლების განმავლობაში? - BM.GE ორ ქვეყანას შორის კავშირებს რიცხვებში წარმოგიდგენთ:

ინვესტიციები

რუმინეთიდან ინვესტიციების მოცულობები წლების განმავლობაში უმნიშვნელო იყო და ბოლო 5 წლის მანძილზე, 2021 წლის ჩათვლით, 1 მლნ დოლარამდე შეადგინა. მაგალითისთვის, 2021 წელს ქვეყანაში 0.3 მლნ დოლარის რუმინული ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2020 წლისაც აღემატებოდა, თუმცა ეს იმდენად მცირე რიცხვია, რომ მთლიან FDI-ში 0.0%-იანი წილი დაიკავა.

გასული 5 წლის დინამიკისგან განსხვავებით, მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში ქვეყანაში ჯამში 1.757 მლნ დოლარის რუმინული ინვესტიცია შემოვიდა, რომლის უმთავრესი ნაწილი პირველ კვარტალზე მოდის.

სავაჭრო ბრუნვა

შედარებით კარგი მონაცემები ქვეყნებს შორის საგარეო ვაჭრობის მიმართულებით არის. ამ შემთხვევაში რუმინეთი საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო ბაზრების ათეულში შედის. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წლის 8 თვეში 229.2 მლნ დოლარს შეადგენს, რაც გასული - პანდემიური წლების ამავე პერიოდის რიცხვებს აღემატება, ხოლო 2019 წლის ბრუნვას 50 მლნ დოლარით ჩამორჩება.

სავაჭრო ბრუნვის უმთავრესი ნაწილი იმპორტზე მოდის. იანვარ-აგვისტოში ქვეყნიდან რუმინეთში სხვადასხვა საქონლის შესაძენად 207 მლნ დოლარი გავიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 96.6%-ით აღემატება. რუმინეთი 2.5%-იანი წილით უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების ათეულში მერვე ადგილზეა. ამ პერიოდში მთავარი საიმპორტო საქონელი ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო.

TOP-10 საიმპორტო საქონელი კი ასეთია:

1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 185.7 მლნ დოლარი, 178 925 ტონა;
2. მსუბუქი ავტომობილები - 3.5 მლნ დოლარი;
3. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 2.7 მლნ დოლარი, 329 ტონა;
4. სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო - 2.3 მლნ დოლარი, 128 ტონა;
5. ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 2.1 მლნ დოლარი, 1 827 ტონა;
6. ფილები მერქან-ბურბუშელისა - 1.6 მლნ დოლარი, 2 171 ტონა;
7. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 1 მლნ დოლარი, 18 ტონა;
8. კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები - 864 ათასი დოლარი, 1 400 ტონა;
9. პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი - 601 ათასი დოლარი, 252 ტონა;
10. ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 553 ათასი დოლარი.


რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველომ საქონლის რეალიზებით სულ 22.1 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც პანდემიური წლების მაჩვენებელს აღემატება, თუმცა 2019 წელთან (142.9 მლნ დოლარი) შედარებით, ექსპორტი შემცირებულია.

საქართველოდან მსხვილ სასაქონლო პოზიციების სამეული ასე ნაწილდება:

1. აზოტოვანი სასუქები - 16.4 მლნ დოლარი, 31 773 ტონა;
2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 3.2 მლნ დოლარი, 2 300 ტონა;
3. მსუბუქი ავტომობილები - 1.3 მლნ დოლარი;

გარდა ამისა, რუმინეთში საქართველოდან სხვადასხვა სახის ბოსტნეული, ცოცხები და ჯაგრისები, რეზინის ნაწარმი, ატრაქციონებისთვის განკუთვნილი საქონელი, შავი ლითონის ნაწარმი და სხვა პროდუქტები გავიდა.

ტურიზმი

საქართველოში მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში რუმინეთიდან 3 114 ვიზიტი განხორციელდა. ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ ეს მაჩვენებელი 2020-2021 წლების ამავე პერიოდების მონაცემებს აღემატება. რაც შეეხება იმას, თუ რა დონეზე აღდგა რუმინეთიდან ტურისტული მაჩვენებელი, სტატისტიკა ცხადყოფს, რომ 9 თვეში რუმინეთიდან ვიზიტებისა რაოდენობა 59.3%-ით აღდგა.