მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო და სომხეთი: პოლიტიკური კრიზისის ეკონომიკური მხარე

603b4102d23f6
ეგნატე შამუგია
22.02.21 23:00
1327
კავკასიის რეგიონი კრიზისშია. პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი მიმდინარე წელსაც მძიმე შედეგებით გრძელდება. ამ უკანასკნელით გამოწვეულ ეკონომიკურ რეცესიას პოლიტიკური კრიზისიც ემატება, რაც გასულ კვირას სომხეთსა და საქართველოში კიდევ უფრო მეტად გამწვავდა. ცხადია, პოლიტიკურ კრიზისს ეკონომიკური ფასი გააჩნია და მას არა უშუალოდ პოლიტიკური პარტიები ან ცალკეული პოლიტიკოსები, არამედ მთლიანი მოსახლეობა იხდის. პოლიტიკური არასტაბილურობა ზრდის ეკონომიკაში განუსაზღვრელობას და აფერხებს ეკონომიკურ აქტივობას, წარმოებაში ინვესტირებას და ა.შ. აღნიშნული განსაკუთრებით სენსიტიურია უცხოური კაპიტალისთვის. არასტაბილურობის დროს მოსალოდნელია ქვეყანა დატოვოს უცხოურმა კაპიტალმა და პოტენციურმა ინვესტორებმა უარი თქვან ინვესტირებაზე, რასაც განსაკუთრებული როლი გააჩნია ეკონომიკურ ზრდაში. ამ მხრივ, ორივე ქვეყნის - საქართველო და სომხეთის ეკონომიკის სტრუქტურა და ზრდის ძირითადი ფაქტორები თითქმის მსგავსია. ეკონომიკურში ტურიზმის და უცხოური კაპიტალის როლი განსაკუთრებით თვალსაჩინო და არსებით ფაქტორებია. მაგალითად, 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკაზე ტურიზმის გავლენა 26.4%-ია, რაც სომხეთის შემთხვევში 11.8%-ს აღწევს. რაც შეეხება უცხოურ კაპიტალს - პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სომხეთში მთლიანი ეკონომიკის საშუალოდ 3.9%-ია, რაც საქართველოში საშუალოდ 8.4%-იან ნიშნულზეა. ამდენად, ორივე ქვეყნისთვის უცხოურ ინვესტიციები მნიშვნელოვანია და არამარტო ინვესტიციები, არამედ საერთაშორისო ვაჭრობაც, რადგან ორივე გლობალურ ვაჭრობაშია ჩართული და მათ შორის, ერთმანეთთან მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა გააჩნიათ. სომხეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანაა. შესაბამისად, სავაჭრო არხით სომხეთის ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოსაც გადაეცემა. თუკი სომხეთში მდგომარეობა უარესდება და ადგილობრივი მოხმარება მცირდება, ეს საქართველოდან იმპორტის შემცირებაში აისახება.
 
ფიგურა 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (მშპ-სთან ფარდობა, %)
წყარო: გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის ბაზა; ავტორის გამოთვლები

ფაქტია, რომ ორივე ქვეყანაში კრიზისის მასშტაბები იზრდება და პოლიტიკური პროცესები საპარლამენტო ტრიბუნის მიღმა, ქუჩაშია გადასული, მაგრამ განსხვავებული მიზეზებით. საქართველოში კრიზისი საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა, რომლის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და ბოიკოტის რეჟიმშია. სანაცვლოდ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს, რაც მმართველი პარტიისთვის მიუღებელია. თუმცა, ბოლო პერიოდში კრიზისის გამწვავება და მოსახლეობის ნაწილის ქუჩაში გამოსვლა ძირითადი ოპოზიციური პარტიის - ‘ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას მოჰყვა. მალევე ოპოზიციის მიერ ქუჩის საპროტესტო აქციები განახლდა. გასულ კვირას ქუჩაში გამოსვლით სომხეთის დედაქალაქი ერევანიც გამოირჩეოდა. სომხეთის პოლიტიკური სპექტრის ორივე მხარის - მთავრობის და ოპოზიციის მხარდამჭერები ერევნის ქუჩებში იდგნენ. მოსახლეობის ქუჩაში გამოსვლის მიზეზი არა უშუალოდ არჩევნები, არამედ ომის შემდეგ შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობაა. გასული წლის სექტემბერში დაწყებული ყარაბაღის ომი 47 დღის შემდეგ დასრულდა, სადაც აზერბაიჯანმა უპირატესობა მოიპოვა და რიგ ტერიტორიებზე კონტროლი დაიბრუნა. დამარცხებულის პოზიციაში მყოფი სომხეთი კი საპროტესტო აქციებმა მოიცვა. აქციის მონაწილეებისთვის ომის შეწყვეტაზე დადებული ხელშეკრულება მიუღებელი იყო და პრემიერ-მინისტრის ნიკოლ პაშინიანის გადადგომას მოითხოვდნენ. სომხური ოპოზიციის ქუჩის მიტინგებმა ინტენსიური სახე მიიღო, რასაც მალევე პრემიერმა რიგგარეშე არჩევნების შეთავაზებით უპასუხა, მაგრამ ოპოზიციამ შეთავაზება პაშინიანის გადადგომის გარეშე არ მიიღო. გასული კვირის ბოლოს კი მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლა პრემიერ-მინისტრმაც მოუწოდა. პაშინიანის მომხრეები ერევნის ცენტრალური რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, ხოლო ოპოზიციის კი კილომეტრის დაშორებით, თავისუფლების მოედანზე. საფუძველი კი სომხეთის გენშტაბის ხელმძღვანელობის მიერ პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნა გახდა, რაც ამ უკანასკნელის თქმით "სამხედრო გადატრიალების მცდელობა" იყო. საპასუხოდ ნიკოლ პაშინიანმა მხარდამჭერები ქუჩაში გამოიყვანა, ხოლო გენშტაბის ხელმძღვანელის ონიკ გასპარიანის გათავისუფლების შესახებ ბრძანება სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანს გაუგზავნა, მაგრამ პრეზიდენტმა ხელმოწერაზე უარი განაცხადა და ამ დრომდე გენერალ-პოლკოვნიკი თანამდებობაზე რჩება. ამდენად, ორივე ქვეყანაში პროტესტის მასშტაბები გაიზარდა. სომხეთის ოპოზიცია აცხადებს, რომ პროტესტს ინტენსიურად გააგრძელებს და ერევნის ცენტრალური გამზირი ბლოკირებული აქვთ. საქართველოშიც ქუჩის გამოსვლები გრძელდება. ამ ფონზე, კი ორივე ქვეყნის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია, რომლის მთავარი მიზეზი პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები და გლობალური კრიზისია, მაგრამ პოლიტიკური არასტაბილურობაც უარყოფით როლს თამაშობს.

ფიგურა 2: სომხეთის და საქართველოს ეკონომიკური ზრდა (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები

ამ ფონზე, გასულ წელს სომხეთის ეკონომიკამ კავკასიის ქვეყნებიდან ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო. 2020 წელს ეკონომიკა 7.5%-ით შემცირდა, ხოლო მიმდინარე წლის იანვარშიც ეკონომიკის კლება 7.5%-ია. საქართველოში შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო, რადგან გასულ წლის ეკონომიკური ვარდნა 6.0%-ია, რაშიც დიდი წვლილი იმ სექტორებს გააჩნიათ, რომლებიც ტურიზმთან მჭიდრო კავშირშია. საშუალოვადიანი პროგნოზები კი არც თუ ისე დამაიმედებელია. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, მიმდინარე წლის პირველი კვარტალში ეკონომიკის 4.6%-იანი კლებაა მოსალოდნელი, ხოლო მსოფლიო ბანკის პროგნოზით კი საქართველოს ეკონომიკა წლის განმავლობაში 4.0%-ით გაიზრდება, სომხეთში კი 3.1%-იანი ზრდაა ნავარაუდევი. თუმცა, აღნიშნული პროგნოზები ამ ეტაპისთვის შედარებით ოპტიმისტური სცენარისაა, რადგან რისკები გაზრდილია, ვიდრე ეს პროგნოზების გამოქვეყნების პერიოდში იყო. მდგომარეობის გაუმჯობესება პირველ რიგში ვაქცინაციის ტემპზეა დამოკიდებული, რაც საშუალებას იძლევა ეკონომიკის სრულად გახსნის. ამ დროისთვის, საქართველოში ხელოვნური იმუნიზაციის პროცესი ჯერ კიდევ დაწყებული არ არის, განსხვავებით სომხეთისა, სადა მოსახლეობის მცირე ჯგუფი რუსული წარმოების ვაქცინით უკვე აიცრა. თუმცა, ეკონომიკის გახსნის პარალელურად, სწრაფი აღდგენისთვის, უცხოური კაპიტალი აუცილებელია, კაპიტალისთვის კი პოლიტიკური სტაბილურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია.