მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-იაპონიის სავაჭრო ბრუნვა $322 მლნ-მდე გაიზარდა - რით ვვაჭრობთ?

63d8c5e3c5ce8
ვიქტორია მღებრიშვილი
01.02.23 10:37
1695
საქართველო-იაპონიის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 322 მილიონ 127 ათასი დოლარი იყო, რაც 2021 წლის მონაცემებზე 56.6%-ით მეტია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იაპონიასთან სავაჭრო კავშირები პანდემიის პერიოდში შემცირებული იყო, 2022 წელს კი გააქტიურდა. საანგარიშო პერიოდში სავაჭრო ბრუნვის გაზრდა ძირითადად იმპორტის ხარჯზე მოხდა.

გასული წლის განმავლობაში იაპონიასთან ვაჭრობაში ექსპორტს მცირე, 4.6%-იანი წილი ეკავა. საქართველომ ამ პერიოდში იაპონიაში საქონლის რეალიზებით 15 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის ექსპორტზე 20.8%-ით ნაკლებია.

TOP-5 ექსპორტირებული საქონლის რეიტინგი:

1. დაუმუშავებელი ალუმინი - 5.9 მლნ დოლარი, 2 574 ტონა;
2. ძვირფასი ლითონების ნარჩენები და ჯართი - 5.2 მლნ დოლარი, 11 ტონა;
3. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 1.3 მლნ დოლარი, 245 ტონა;
4. სპილენძის ნარჩენები და ჯართი - 647 ათასი დოლარი, 87 ტონა;
5. რეზინის პნევმატური სალტეები - 440 ათასი დოლარი, 42 ტონა;

ამ საქონლის გარდა იაპონიაში ექსპორტზე მცირე მოცულობით მსუბუქი ავტომობილები, ახალი ნაყოფები, ხილისა და ბოსტნეულის წვენები, ნაწილები და საკუთნოები საბეჭდი და გამომთვლელი მანქანებისათვის, ფეხსაცმელი რეზინის, პოლიმერული მასალის, ტყავის ძირითა და ტყავის ზედაპირით, მინერალური და მტკნარი წყლები გავიდა.

რაც შეეხება იმპორტს, საქართველო-იაპონიის სავაჭრო ურთიერთობაში იმპორტს დიდი ადგილი უკავია. გასულ წელს იაპონიაში სხვადასხვა დასახელების საქონლის შესაძენად 307 მლნ დოლარი გავიდა. იმპორტი 2021 წელთან შედარებით 64.5%-ით გაიზარდა. ეს ზრდა ძირითადად უმსხვილესი საქონლის იმპორტის ზრდით აიხსნება. გასულ წელს მსუბუქი ავტომობილების შემოყვანამ იაპონიიდან მთლიან იმპორტში 92% დაიკავა. ხოლო 2021 წელთან შედარებით ამ დასახელების საქონლის იმპორტის მაჩვენებელი 68.5%-ით გაიზარდა.

TOP-10 იმპორტირებული საქონელი:

1. მსუბუქი ავტომობილები - 282.7 მლნ დოლარი;
2. ახალი რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები - 4.8 მლნ დოლარი, 949 ტონა;
3. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, აღდგენილი ან ნახმარი - 3.1 მლნ დოლარი, 2 274 ტონა;
4. სატვირთო ავტომობილები - 2.1 მლნ დოლარი;
5. ავტომანქანების ნაწილები, ექსპლუტაციაში ნამყოფი - 2 მლნ დოლარი, 1 150 ტონა;
6. იზოტოპები, 2844 სასაქონლო პოზიციის იზოტოპების გარდა - 1.2 მლნ დოლარი, 4 ტონა;
7. მოწყობილობა საბეჭდი, საღებავ-ჭავლური საბეჭდი მანქანების ჩათვლით - 1.1 მლნ დოლარი, 59 ტონა;
8. ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად - 1.1 მლნ დოლარი;
9. აპარატურა დაფუძნებული რენტგენული ალფა-, ბეტა- ან გამა-გამოსხივების გამოყენებაზე - 993 ათასი დოლარი, 44 ტონა;
10. ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 899 ათასი დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები