16 იანვარს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში გამართულ ნორდიკულ ქვეყნებში უმსხვილეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე “MATKA 2020” საქართველო “წლის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად” დასახელდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, მნიშვნელოვანია, რომ გამოფენის სამიზნე ბაზარი მოიცავს არა მხოლოდ ფინეთის ტურისტულ სეგმენტს, არამედ ნორდიკულ და ბალტიის ქვეყნებსაც.
მათივე ინფორმაციით, გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია მესამე წელია რაც აქტიურად მონაწილეობს. წელს, ერთიან საპრეზენტაციო სტენდზე წარდგენილია 9 კომპანია და ორგანიზაცია: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, შპს "აჭარა-ტური", Georgia in Contact, Caucasus Travel, World Express, Georgian Travel Group, Voyage Tours, APG, Iberia Tours Plus.
აღსანიშნავია, რომ გამოფენას ესწრება 80 000 მდე ვიზიტორი, ხოლო ღონისძიებაზე მონაწილეობს 22 500 ტურიზმის პროფესიონალი 86 ქვეყნიდან.
უწყებისვე ინფორმაციით, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფინეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 12 თვის მონაცემებით გაზრდილია 17.7 %-ით წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან.