26.მაისი .2022 13:27

საქართველო ყველაზე გადამწყვეტ მომენტშია, ველით ევროკავშირის პასუხს - დავითაშვილი

საქართველო ყველაზე გადამწყვეტ მომენტშია, ველით ევროკავშირის პასუხს - დავითაშვილი
views 495
უკან

საქართველოს ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, საქართველო დამოუკიდებლობის ისტორიის განმავლობაში ყველაზე გადამწყვეტ პერიოდში იმყოფება, რამდენადაც ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი უკვე გაკეთებულია და ქვეყანა ევროკავშირიდან პასუხს ელის. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

ეკონომიკის მინისტრმა მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და საქართველოს გაერთიანება და ერთობა უსურვა.

„დღევანდელი დამოუკიდებლობის დღე ალბათ განსაკუთრებულია, ყოველთვის დიდი ზეიმია, ყოველთვის ემოციურია, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მათ შორის დამოუკიდებელი ისტორიის პერიოდში ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ვართ, როდესაც ევროკავშირში წევრობის განაცხადი გავაკეთეთ და ველოდებით დადებით პასუხს, რათა ქვეყანამ გააგრძელოს ევროინტეგრაცია და ქვეყნის განვითარება იმგვარი ღირებულებებით შევძლოთ, როგორიც ჩვენ ყველას ერთად გვინდოდა. ეს ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული, დემოკრატიული და წარმატებული ქვეყანაა.

ყველაზე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ასეთ პირობებში, როდესაც მსოფლიოში დამოუკიდებლობის და საერთაშორისო სამართლის ხელყოფა ხდება, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთსულოვნები ვიყოთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ქვეყნის ვიცე-პრემიერმა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიღწევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების საქართველოს განაცხადი ყველაზე უფრო ხარისხიანია.

„საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის ისტორიული ამოცანაა, ამისთვის ქვეყანამ დიდი სამუშაო გასწია. ეს თითოეული ქართველის, მოქალაქის, მათ შორის თითოეული საჯარო მოხელის ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ ჩვენ ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ ევროინტეგრაციის კუთხით გარკვეული პროგრესი გვაქვს. საქართველოს განაცხადი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხარისხიანია. საქართველოს მიღწევები ასოცირებით აღებული ვალდებულებების კუთხით ყველაზე მეტია. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კუთხით საქართველოს ვალდებულებების ნახევარი შესრულებული აქვს, რაც ნამდვილად ყველაზე მეტია და შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს ეს ძალისხმევა პოზიტიურად დაფასდება“, - განაცხადა ვიცე-პრემერმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა