„ჩვენი მიზანი ევროკავშირის ბაზარზე ელექტროენერგიის გატანაა“ - ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბუდაპეშტში გააკეთა, სადაც „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების მინისტერიალზე დასასწრებად იმყოფება.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა თავისი გამოსვლა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეულ წარმატებაზე საუბრით დაიწყო და განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე ეს ისტორიული მოვლენაა.
„ამგვარ პროექტებში მონაწილეობითა და პარტნიორებთან თანამშრომლობით ჩვენი ევროკავშირში გაერთიანება კიდევ უფრო დაჩქარდება“, - აღნიშნა მან.
ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ეკონომიკური, მათ შორის ენერგეტიკული ინტეგრაცია, მან მინისტერიალის მონაწილეებს საქართველოს ენერგოსექტორში არსებული სურათი გააცნო.
„ჩვენი მიზანი ევროკავშირის ბაზარზე ელექტროენერგიის გატანაა. ასევე ვმუშაობთ ენერგიის განახლებადი წყაროების პროექტების შემუშავება-განვითარებაზე. ამასთან, ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მცირე და საშუალო ზომის სადგურების მშენებლობას და ამ მიმართულებით არაერთ ღონისძიებას ვატარებთ. ჩვენ ასევე ავამოქმედეთ ე.წ. „ფასის შორის სხვაობის მექანიზმი“, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგეტიკის სექტორს, კიდევ უფრო სტაბილური გახდეს“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გამოსვლაში განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის“ პროექტის მნიშვნელობაზე რეგიონული ენერგო-უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების და ამ მიმართულებით თანამშრომლობის პროცესში.
„ეს ამბიციური ინიციატივა ემსახურება იდეას, გახდეს გადამწყვეტი რგოლი ენერგიის მდგრადი გადაცემის ჯაჭვში, რომელიც ხელს უწყობს კავშირს და თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და გარემოს მდგრადობისკენ“, - აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა.
ლევან დავითაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მზისა და ქარის რესურსების გამოყენება.
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიზანია, რომ ენერგოსექტორში ჩართული ინვესტორების მიერ გამომუშავებული ჯამური ენერგია 3-4 გიგავატს აღწევდეს. მისი ინფორმაციით, ამისთვის ტარდება მიზანშეწონილობის კვლევები, რომლებიც სხვადასხვა ეტაპზეა.
„ზოგადად, ენერგოსექტორის გაძლიერებას ორი მიმართულებით ვახორციელებთ - პირველი, ეს არის კერძო და საჯარო სექტორების მჭიდრო თანამშრომლობა კერძო სექტორის ხელშეწყობის მიზნით, და მეორე - განახლებადი ენერგიების ბაზრის განვითარება. საერთაშორისო ბაზარზე დასამკვიდრებლად აუცილებელია, ქვეყანაში გაიზარდოს ელექტროენერგიის გამომუშავება. ჩვენ მოწოდებულები ვართ, ხელი შევუწყოთ გამომუშავების ზრდას არამხოლოდ ჰიდრო, არამედ მზის, ქარის და მწვანე წყალბადის მიმართულებითაც“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.