მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ 2021 წელს ევროპიდან 424 517 ტონა საწვავი შემოიტანა, რაც იმპორტის 36.9%-ია

61deb3c6216bb
ვიქტორია მღებრიშვილი
12.01.22 22:00
1812
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის განმავლობაში ევროპის ქვეყნებიდან - რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან და იტალიიდან 424 517 ტონა ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი განხორციელდა, რაც მთელი იმპორტის 36.9%-ს შეადგენს. 

სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა ჯამში 1 148 705 ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან (1 105 995 ტონა) შედარებით 42.7 ათასი ტონით ანუ 3.9%-ით მეტია, ხოლო პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (1 096 018 ტონა) 52,7 ათასი ტონით ანუ 4.8%-ით აღემატება.

გასული წლის განმავლობაში ქვეყნების მიხედვით, ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა - 244 601 ტონა თურქმენეთიდან განხორციელდა, რაც მთელი იმპორტის 21.3%-ს შეადგენს. სხვა საიმპორტო ქვეყნების ჩამონათვალი კი ასეთია: რუსეთი - 221 181 ტონა (19,3%); აზერბაიჯანი - 215 872 ტონა (18,8%); რუმინეთი - 204 638 ტონა (17,8%); ბულგარეთი - 167 708 ტონა (14,6%); საბერძნეთი - 37 223 ტონა (3,2%), თურქეთი - 33 021 ტონა (2,9%), იტალია - 14 948 ტონა (1,3%), ყაზახეთი - 2 824 ტონა (0,2%) და სხვ.

„უნდა აღინიშნოს, რომ პირველად დაფიქსირდა თურქმენეთი, როგორც ქვეყანაში ბენზინისა და დიზელის საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი. მათ შორის, ის ბენზინის საწვავის (მხოლოდ A-91 ტიპის) ყველაზე დიდი მომწოდებელია. ხოლო დიზელის საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი აზერბაიჯანის რესპუბლიკაა“, - განმარტავენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციაში.