მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ EU-ს კითხვარის პირველი ნაწილი შეავსო

626bab8852c3c
მარიამ ვარადაშვილი
29.04.22 13:08
693
საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო კითხვარის პირველი ნაწილი მოამზადა. საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის განცხადებით, შევსებულ კითხვარს ქართული მხარე ევროკომისიას 2 მაისს გაუგზავნის.

“კითხვარის პირველი ნაწილი ყველა სახელმწიფო უწყების მხრიდან ძალიან აქტიური ჩართულობით მომზადდა. საქართველოს მთავრობა ორშაბათს ევროკომისიას გადასცემს კითხვარის პირველ ნაწილს, რომელიც დასამუშავებლად გადმოგვეცა.

რაც შეეხება ბოლო ნაწილს, ეს არის ამ კითხვარის სექტორული ნაწილი, რაც უფრო ტექნიკური და სპეციფიკურია. მინდა გითხართ, რომ ამ ნაწილში დაახლოებით 2300 კითხვაა და მასზე მუშაობა დაწყებული აქვს ყველა სახელმწიფო უწყებას”,-განაცხადა დარჩიაშვილი.

მისივე თქმით, ამ კითხვებზე პასუხი საქართველომ 13 მაისამდე უნდა მოამზადოს. მთავრობამ ასევე გადაწყვიტა კითხვარის პირველი ნაწილის მსგავსად, მისი მეორე ნაწილიც გაასაჯაროოს, თუმცა ხელისუფლება გაცემული პასუხების გასაჯაროებას არ აპირებს.

"რაც შეეხება პასუხებს, აქ არის საკითხები, რომლის გასაჯაროება სასურველი და მიზანშეწონილი არ არის. შესაბამისად, საჯაროობის ნაწილში მხოლოდ კითხვარით შემოვიფარგლებით",-ამბობს დარჩიაშვილი. 

როგორც ცნობილია, საქართველომ ევროკავშირს ბლოკში გაწევრიანების თაობაზე ოფიციალური განაცხადით 3 მარტს მიმართა.

11 აპრილს კი ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადმოეცა, რომლის საფუძველზეც ევროკომისია მოამზადებს საკუთარ შეფასების ანგარიშს ქვეყნისათვის კანდიდატი სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.