მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ რუსეთიდან იმპორტი რეკორდულად გაზარდა

637b3a731e26b
BM.GE
21.11.22 12:56
1220
რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის მიუხედავად, საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური კავშირები უფრო გააღრმავა. კერძოდ, იანვარ-ოქტომბერში 50%-ით გაიზარდა რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა და მან 1.94 მილიარდ დოლარს მიაღწია. მათ შორის 74%-ით გაიზარდა იმპორტი და ის 1.4 მილიარდი დოლარი იყო, ხოლო ექსპორტი 10%-ით, 530 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

საგარეო ვაჭრობის მატება პირველ რიგში რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ზრდას უკავშირდება. წელს საქართველოს მიერ შესყიდული 1.1 მილიარდის საწვავიდან, 495 მილიონი დოლარი სწორედ რუსულ ბენზინსა და დიზელზე მოდიოდა.

უფრო დეტალურად, რუსეთის მთავარი საიმპორტო საქონელი საქართველოში ასე ნაწილდება:

1) ნავთობპროდუქტები - $495 მილიონი, მატება წინა წელთან 375%;
2) ხორბლის ფქვილი - $54 მილიონი, მატება წინა წელთან 800%;
3) ქვანახშირი და კოქსი - $49.5 მილიონი, მატება წინა წელთან 145%;
4) ბუნებრივი აირი - $49 მილიონი, კლება წინა წელთან 32%;
5) ხორბალი - $45 მილიონი, კლება წინა წელთან 39%;

სხვა დანარჩენი საქონელი - $722 მილიონი, მატება წინა წელთან 34%.

რაც შეეხება საქართველოს ექსპორტს რუსეთში, პირველ ადგილზე კვლავ ღვინოა, რომლის ექსპორტიც, ომის მიუხედავად გაზრდილია.

1) ღვინის ექსპორტი - $129 მილიონი, მატება წინა წელთან 22%;
2) ფეროშენადნობები - $105 მილიონი, კლება წინა წელთან 22%;
3) მსუბუქი ავტომობილები - $55 მილიონი, მატება წინა წელთან 292%;
4) სპირტიანი სასმელები - $47 მილიონი, მატება წინა წელთან 57%;
5) მინერალური და მტკნარი წყლები - $40 მილიონი, კლება წინა წელთან 20%.

სხვა დანარჩენი საქონელი - $154 მილიონი, მატება წინა წელთან 5%.