მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ წელს შესაძლოა $1 მილიარდის შემოსავალი დაკარგოს - კოვზანაძე

623da09cb116a
შოთა ტყეშელაშვილი
25.03.22 15:05
1555
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომით გამოწვეული კრიზისი 2022 წელს საქართველოს $1 მილიარდი დოლარის შემოსავალს დააკარგინებს. კოვზანაძე საუბრობს ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელ შენელებაზეც.

“რუსეთ უკრაინის ომი არის გეოპოლიტიკური შოკი, რომელიც ეკონომიკას აუცილებლად გადაეცემა. მისი გავლენის გაზომვა მოკლე პერიოდში რთული იქნება. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ეკონომიკას აუცილებლად გადაეცემა და მისი გავლენა აუცილებლად იქნება. რუსეთიც და უკრაინაც ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორების რიგებში არიან. რუსეთი მეორე, უკრაინა მეხუთე თუ მეექვსე ადგილზეა. გავლენა იქნება ექსპორტის შემცირება, გზავნილების შემცირება, ტურიზმიც ისეთი არ იქნება და ეკონომიკა დანაკლისს მიიღებს. კომიტეტის სხდომაზე ბატონმა კაკაურიძემ (ფინანსთა მინისტრის მოადგილე) აღნიშნა, რომ დანაკლისი დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ფარგლებში იქნება. მეც ასე ვფიქრობ, 1-1.2 მილიარდ დოლარს დაკარგავს საქართველოს ეკონომიკა. მშპ-ს ზრდაც, რომელიც 6%-ზე იყო დაგეგმილი, ასეთი არ იქნება,”- გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა საქართველოს მთავრობა არსებულ ვითარებაში IMF-თან ახალი პროგრამის დაწყებას, კოვზანაძე პასუხობს, რომ მთავრობასა და ფონდს შორის მჭიდრო ურთიერთობაა და მალე მიღწეული შეთანხმების პრეზენტაციაც გაიმართება.

“შემიძლია გითხრათ, რომ პროგრესი არის, მუშაობა მიმდინარეობს და გრძელდება. შეთანხმებები თითქმის მიღწეულია და უახლოეს ორ კვირაში შედეგებიც გაცხადდება და საქართველოს მთავრობა, ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი გამოაცხადებენ ამ რეზულტატებს, თუმცა მე დეტალებში არ შევალ,”- ამბობს კოვზანაძე.

უცნობია, განიხილავს თუ არა მთავრობა არსებულ ვითარებაში IMF-ისგან ახალი ფინანსური პაკეტის მოზიდვას.