11.დეკემბერი .2020 23:10

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 83,30%-იანი კლებაა - Avianews

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 83,30%-იანი კლებაა - Avianews
views 307
უკან

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 83,30%-იანი კლებაა, რაც პირდაპირ COVID-19-ის პანდემიას და მის გამო მსოფლიოსა და საქართველოში რეგულარული საჰაერო მიმოსვლის კუთხით დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება. ბოლო 4 თვის განმავლობაში ქვეყანამ რეგულარული ფრენების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყო, თუმცა COVID-19-ის მეორე ტალღისა და არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე ზოგიერთმა ავიაკომპანიამ რეისები რამდენიმე კვირით შეაჩერა, ხოლო ნაწილი შეამცირა.

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვნილი ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს აეროპორტები 2020 წლის იანვარ-ნოემბერში რეგულარული და არარეგულარული რეისებით სულ 814 ათას 690 მგზავრს მოემსახურა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 4 მლნ 877 ათას 967 მგზავრს, შესაბამისად კლება 83,30%-ის დონეზე დაფიქსირდა, 2018 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით კი კლება 82,68%-ია.

რაც შეეხება ქვეყნის მთავარ აეროპორტს, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით იანვარ-ნოემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტს რეგულარული და არარეგულარული რეისებით​ გადაყვანილი მგზავრთნაკადის მოცულობა 83,53%-ით შემცირდა. 2020 წლის 11 თვეში აეროპორტმა სულ 571 ათას 554 მგზავრი გაატარა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 3 მლნ 470 ათას 415 მგზავრი. 2020 წლის იანვარ-ნოემბერში 2018 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 83,89%-ითაა შემცირებული.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კი მგზავრთნაკადის 91,42%-იანი კლებაა. 2020 წლის 11 თვეში რეგულარული და არარეგულარული რეისებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა სულ 51 ათას 319 მგზავრის მომსახურება მოახერხა და ეს მაჩვენებლებიც ძირითადად 2020 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლების ხარჯზეა დაფიქსირებული.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში აეროპორტი რეგულარული და არარეგულარული რეისებით 51 ათას 319 მგზავრს მოემსახურა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 597 ათას 912 მგზავრს, შესაბამისად, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში 2018 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 91,16%-ითაა შემცირებული.

76,80%-იანი კლება ფიქსირდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში აეროპორტი სულ 183 ათას 613 მგზავრს მოემსახურა, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში – 791 ათას 399 მგზავრს, ხოლო 2018 წლის იანვარ-ნოემბერში 560 ათას 285 მგზავრს. შესაბამისად, 2020 წლის 11 თვეში 2019 წლის 11 თვესთან კლებამ 76,80%-ი შეადგინა, ხოლო 2018 წლის 11 თვესთან შედარებით კი 67,23%-იანი კლებაა.

COVID-19-ის შედეგად შეზღუდვები შეეხო შიდა რეგულარულ ფრენებსაც. თუმცა მისი გახსნის შემდეგ, ზუსტად სეზონის პიკში ეპიდემიოლოგიური ვითარების გამწვავების გამო მესტიის ჩაკეტვა გახდა საჭირო და შესაბამისად შეჩერდა მესტიის აეროპორტის მუშაობაც. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში მესტიის თამარ მეფის საერთაშორისო აეროპორტი 61,47%-ით ნაკლებ მგზავრს მოემსახურა ვიდრე 2019 წლის იანვარ-ნოემბერში.

საანგარიშო პერიოდში 37,35%-იანი კლება დაფიქსირდა ამბროლაურის აეროპორტშიც. ნატახტარის აეროდრომს კი მგზავრთნაკადი 52,84%-ით შეუმცირდა.

რაც შეეხება 2020 წლის ნოემბრის მონაცემებს 2019 წლის ნოემბრის მონაცემებთან შედარებით ასეთია: 2020 წლის ნოემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 14 ათას 919 მგზავრს, 2019 წლის ნოემბერში კი 214 ათას 575 მგზავრს, შესაბამისად კლებამ 93%-ი შეადგინა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2020 წლის ნოემბერში მოემსახურა 100 მგზავრს, გასული წლის ნოემბერში კი 26 ათას 308 მგზავრს. კლებამ შეადგინა 100%-ი.

რაც შეეხება ქუთაისს, 2020 წლის ნოემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 187 მგზავრს, გასული წლის ნოემბერში 71 ათას 647 მგზავრს, შესაბამისად მგზავრთნაკადის კლებამ 500%-ი შეადგინა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 83,30%-იანი კლება COVID-19-ის პანდემიას და მის გამო მსოფლიოსა და საქართველოში საჰაერო მიმოსვლის კუთხით დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება.

“საქართველოში COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, 2020 წლის 29 იანვრიდან შეწყდა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. 2020 წლის 23 თებერვლიდან შეჩერდა მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანა ირანიდან საქართველოში. 2020 წლის 6 მარტიდან შეწყდა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა იტალიის რესპუბლიკასთან. ხოლო 2020 წლის 21 მარტიდან, სრულად შეწყდა რეგულარული საჰაერო მიმოსვლა საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით. შეზღუდვა არ გავრცელდა სატვირთო, ჩარტერულ, სარეპატრიაციო, ჰუმანიტარულ, ტექნიკური დაჯდომის და საავიაციო სამუშაოების მიზნით განხორციელებულ ფრენებზე”, განმარტავენ სააგენტოში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა