მომავალ კვირას საქართველოს ამერიკელი წისქვილკომბინატების წარმომადგენლები ეწვევიან, რომლებიც ადგილობრივ წისქვილკომბინატებთან გამართავენ შეხვედრებს. კერძოდ, ხვალიდან ისინი საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად წისქვილკომბინატებს, პურის მწარმოებლებსა და სატრეიდერო კომპანიებს შეხვდებიან. როგორც ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ლევან სილაგავამ Bm.ge-ს განუცხადა, დაგეგმილი შეხვედრები იმ პროექტის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ამერიკულმა მხარემ დარგში არსებული ვითარება უნდა შეისწავლოს და შემდეგ რეკომენდაცია გასცეს.
„ნოემბერში იყო ჩამოსული ერთი დელეგაცია კანზასის უნივერსიტეტიდან. ჩვენც შეგხვდნენ და ფერმერებსაც. მათ უნდა დადონ საბოლოო რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ როგორ აეწყოს მთლიანი ჯაჭვი - ხორბლის მოყვანა, გადამუშავება და პურის წარმოება, როგორ უნდა იმუშაოს ფერმერების, წისქვილკომბინატების და პურის მწარმოებლების რგოლმა სინქრონულად. შემდეგ უკვე საქართველოს მთავრობაზე იქნება, თუ როგორ გაითვალისწინებს ამ რეკომენდაციებს“, - განაცხადა სილაგავამ.
მისივე თქმით, შეხვედრების დროს, ის აპირებს ისაუბროს იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დარგი დგას, კერძოდ, წისქვილკომბინატების არასტაბილურ მუშაობაზე, რაც ბოლო პერიოდში ფქვილის იმპორტის ხორბლის იმპორტით ჩანაცვლებას მოჰყვა.
„თუ [ამერიკელების] რჩევა იქნება, რომ ამ სამმა დარგმა სინქრონიულად იმუშაოს, ცხადია, გამოწვევაა, რომ წისქვილკომბინატები ამას ვერ ახერხებენ, იმიტომ რომ ხორბლის და ფქვილის იმპორტის რეჟიმი სხვადასხვაა. ჩვენ ჩვენს პრობლემებს ვასახელებთ და შემდეგ რეკომენდაციას მოვისმენთ უფრო ფართო ჭრილში, არამხოლოდ ჩვენი, არამედ ხორბლის მოსავლის მიღების, წისქვილკომბინატების მუშაობის და პურის მწარმოებელთა გადასახედიდანაც. სასურსათო უსაფრთხოების კუთხით, ჩვენ ადგილზე უნდა გვქონდეს ხორბალი, გავზარდოთ მისი რაოდენობა, რათა შესაბამისად ის წისქვილებმა აქ გადაამუშაონ“, - აღნიშნა ლევან სილაგავამ.
ცნობისთვის, საქართველოს ხორბლით თვითუზრუნველყოფის გაუმჯობესების საკითხზე, გასული წლის ზაფხულში, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში შეხვედრები გამართა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ აშშ-ი საქართველოს ხორბლის სექტორს შეისწავლიდა, რაც შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას გააჩენდა.
„ჩვენთან შეხვედრისას დაფიქსირდა, რომ დეპარტამენტი მზად არის ხორბლის წარმოების მთელი ღირებულებათა ჯაჭვის ღრმა კვლევა ჩაატაროს, რაც ამ მიმართულებით არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაციას და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვის შესაძლებლობას მოგვცემს“, - განაცხადა მაშინ მინისტრმა.