კახეთის რეგიონში ხორბლის აღება თითქმის დასრულებულია. მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, მოსავლის 10%, რაც დაახლოებით 15 ათასი ტონაა, უკვე რეალიზებულია. შარშანდელთან შედარებით, წელს მეხორბლე ფერმერებმა გაცილებით მეტი მოსავალი მიიღეს. რაოდენობასთან ერთად გაუმჯობესებულია ხორბლის ხარისხობრივი მაჩვენებელიც. მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, წისქვილკომბინატები აქტიურად იბარებენ სასურსათო ხორბალს, ფასი კი 55 თეთრიდან 65 თეთრამდე მერყეობს.
“თუ ფასი შარშან იყო 1 კილოგრამზე 55 თეთრი ადგილზე, კახეთში და დაახლოებით 60 თეთრი იყო წისქვილკომბინატში ჩაბარების ფასი, წელს არის 60-65 თეთრი, ანუ უფრო მაღალია ჩაბარების ფასი და ამ მიმართულებით ოდნავ უკეთესი მდგომარეობაა ფერმერებისთვის, ვიდრე შარშან. სტატისტიკის მიხედვით, მეტი ხორბალია მოწეული ჰექტარზე, თუ შარშან იყო 2,6 ტონა ერთ ჰექტარზე, წელს არის 3 ტონა, რაც ფერმერებისთვის ასე თუ ისე კარგი მაჩვენებელია. იყო გამოწვევებიც, კერძოდ შხამ-ქიმიკატები იყო ძვირი, სასუქები იყო ძვირი და თვითონ იყო ძვირი ის სამუშაოები, რაც დასჭირდათ ხვნა-თესვის და მოსავლის აღების დროს.
ასე თუ ისე დღეს სიტუაცია სტაბილურია, რადგან კახეთის რეგიონში თითქმის დასრულდა ხორბლის აღება და ნორმალურად ჩაიარა ამ პროცესმა შარშანდელ წელთან შედარებით.
შემიძლია გითხრათ, რომ წელს ბოლო წლების განმავლობაში ისტორიული მაქსიმუმი ჩავიბარეთ ხორბალი. დაახლოებით 16 ათასი ტონა ხორბალი მივიღეთ წისქვილკომბინატებმა, რაც შარშანდელთან შედარებით 40%-ით მეტია, მიუხედავად იმისა, რომ მეხორბლეების ნაწილმა დაიტოვა მოსავლის ნაწილი შესანახად და შემდეგ გასაყიდად. ეს არის კახეთის რეგიონის მონაცემები“,-აცხადებს ლევან სილაგავა.
მისი თქმით, ფასი ხორბალზე ადგილობრივ ბაზარზე მსოფლიო ბაზრიდან გამომდინარე ფორმირდება. ამ ეტაპისთვის 1 ტონა ხორბლის ღირებულება 750 ლარია, თუმცა არის მოლოდინი, რომ რუსეთში, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა, ხორბლის აღება პორტებთან მდებარე რეგიონებიდან ცენტრისკენ გადაიწევს, რაც ლოგისტიკას გააძვირებს და ლოგიკურად ხორბალზე ფასი გაიზრდება, რაც ასევე მოგებიანი იქნება ადგილობრივი ფერმერებისთვის.
„1,6 თვის წინ იყო მოლოდინი მსოფლიო ბაზარზე, რომ ფასები იქნებოდა მაღალი, რადგან სხვადასხვა ქვეყნებში იყო რაოდენობრივად ნაკლები მოსავლის მოლოდინი. იგივე მოლოდინია დღესაც, თუმცა წნეხი ფასებზე და ფასების ქვემოთ წამოსვლა, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ, შექმნილია იქიდან გამომდინარე, რომ ადრე დაიწყო მოსავლის აღება იგივე რეგიონალურად რუსეთში, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი დიდი მოთამაშეა, შესაბამისად, ამან შექმნა წნეხი ფასებზე. ვფიქრობ, ეს ფასები დროებითია, რადგან სამხრეთ რეგიონებში მოხდა ფასების ქვემოთ ჩამოსვლა, ეს რეგიონები არის პორტებთან ახლოს და როცა გადაიწევს აღება ხორბლის რუსეთის შუა ნაწილში, ლოგისტიკა უფრო ძვირი იქნება და ფასები აიწევა, რაც ფერმერებისთვის მოგებიანი იქნება.
ნაწილმა ფერმერებმა ჩააბარეს ხორბალი, ნაწილმა შეინახა იმისთვის, რომ მოლოდინია, რომ შემდგომში ხორბალი შეიძლება გაძვირდეს“,-აცხადებს სილაგავა.
მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ბენიაიძის განცხადებით, ბაზარზე 1 კილოგრამ ხორბალზე არსებული ფასი [55-60 თეთრი] პროდუქციის თვითღირებულებასაც ვერ ფარავს, ამიტომ ფერმერები მარცვლეულის რეალიზაციისგან თავს იკავებენ. ჯამური მოსავლის თითქმის 90% დასაწყობებულია იმ იმედით, რომ მარცვლეულზე ფასი უახლოეს მომავალში გაიზრდება.