მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს არარეზიდენტმა პირებმა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები გაყიდეს - IMF

5ed5fd64c69fd
შოთა ტყეშელაშვილი
02.06.20 11:25
1889
საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებული შეფასების მიხედვით, საქართველოს ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე, უცხოეთის რეზიდენტებმა მთავრობის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები გაყიდეს. 

საუბარია სახაზინო ვალდებულებებსა და სახაზინო ობლიგაციებზე, რომლის გამოშვებითაც საქართველოს მთავრობა ადგილობრივი საფინანსო ბაზრიდან შიდა ვალს იღებს. 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის ბოლოს ლარის გაცვლითი კურსის შედარებითი სტაბილურობის გაზრდის შედეგად, უცხოეთის რეზიდენტების ინტერესი სახელმწიფოს ფასიანი ქაღალდების მიმართ საგრძნობლად გაიზარდა. არარეზიდენტთა საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მოცულობამ პიკურ მაჩვენებელს 2020 წლის თებერვალში მიაღწია და ის 623 მილიონ ლარს შეადგენდა. ლარის მკვეთრი გაუფასურების ფონზე კი, ეს მაჩვენებელი 61.5 მლნ ლარით შემცირდა და 2020 წლის აპრილში 561.5 მილიონი ლარი შეადგინა. 

განახლებული მაკროეკონომიკური პრგნოზის მიხედვით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში 2020 წელს შემომავალი სავალუტო ნაკადების 1.8 მილიარდი დოლარით შემცირებას პროგნოზირებს. შესაბამისად, საგადასახდელო ბალანსის დეფიციტი კრიზისიდან გამომდინარე მშპ-ის 11%-ის მოცულობით გაიზრდება. ორგანიზაცია წერს, რომ ამ დისბალანსს საქართველო დონორი ორგანიზაციებისგან მოზიდული სახსრებით დაიბალანსებს.

IMF-ის განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზი ასეთია:

● ექსპორტის შემცირება 24%;
● საქონლის იმპორტის შემცირება 21.1%;
● სერვისების ექსპორტი (ტურიზმის ჩათვლით) შემცირება 55.7%;
● სერვისების იმპორტი შემცირება 60%;
● ფულადი გზავნილები შემცირება 15%;
● პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება 19%.

შეგახსენებთ, რომ სავალუტო ფონდის დახმარების ფარგლებში საქართველოში საბიუჯეტო დახმარების სახით $201 მლნ დოლარი უკვე ჩამოირიცხა. სახელმწიფოსთვის IMF-ის მიერ გამოყოფილი დახმარება ჯამურად $447 მლნ დოლარს შეადგენს.