მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს იმიჯი და უსაფრთხოება – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები ინვესტორებისგან

646e570d7f053
ელენე კვანჭილაშვილი
24.05.23 23:30
750
ევროპული ბიზნესასოციაცია და საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში ორი ბიზნესგაერთიანებაა, რომელიც ბევრ უცხოელ ინვესტორს აერთიანებს. ელენე კვანჭილაშვილის ‘ანალიტიკა’–ში სტუმრობისას ამ ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელებმა – ჯონ ბრეკეველდტმა და ფადი ასლიმ ის შეკითხვები დაასახელეს, რაც რუსეთ–უკრაინის ომის ფონზე, ყველაზე ხშირად ესმით ინვესტორებისგან.

ევროპული ბიზნეასოციაციის პრაქტიკა აჩვენებს, რომ ევროპელი ინვესტორების და განსაკუთრებით ახალი ინვესტორების კითხვები ძირითადად ეხება საქართველოს იმიჯს.
„საქართველოს იმიჯი ძალიან მნიშვნელოვანია ევროპელი ინვესტორებისათვის, რომლებიც უკვე ოპერირებენ საქართველოში და მათთვის, ვინც აქ თავისი ფულის დაბანდებას ახლა აპირებს. თუკი საქართველოს იმიჯი საერთაშორისო დონეზე შელახული იქნება, ევროპელი ინვესტორები საქართველოს ფულის ჩადებას გადაიფიქრებენ, ამიტომ ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია“ – ამბობს ჯონ ბრეკეველდტი.

‘ანალიტიკა’–ს ავტორისა და წამყვანის ელენე კვანჭილაშვილის დაზუსტებაზე – რა ქმნის ევროპელი ინვესტორებისთვის საქართველოს იმიჯს, რადგან თუ მათ კითხვები უჩნდებათ, ე.ი. ყველაფერი რიგზე ვერ არის – საქართველოს ევროპული ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი პირდაპირ პასუხს თავს არიდებს, თუმცა ამბობს, რომ საქართველოს იმიჯის შექმნაზე ყველამ უნდა იმუშავოს.

ჯონ ბრეკეველდტს მაგალითად საკუთარი თავი მოჰყავს და ამბობს, რომ მომავალ თვეში ბრიუსელში დაგეგმილ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების კონფერენციაზე, სწორედ ამას გააკეთებს – შეეცდება, ევროპის მასშტაბით თავმოყრილი ასობით კომპანია საქართველოში ინვესტირებით დააინტერესოს.

„ამ შეხვედრაზე ჩვენი ასოციაციის პრეზიდენტიც იქნება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა მივცეთ სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებს იმის საშუალება, რომ განახორციელონ ინვესტირება საქართველოში, რათა ადგილობრივ დონეზე მივიღოთ უფრო მეტი სარგებელი და კეთილდღეობა“ – თქვა ჯონ ბრეკეველდტმა ‘ანალიტიკა’–ს პირდაპირ ეთერში.

საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრაქტიკა აჩვენებს, რომ ინვესტორების მიერ დასმული ყველაზე ხშირი კითხვაა – რამდენად უსაფრთხოა საქართველო. „ინვესტორები, რომლებიც საქართველოში არიან დღეს საკმაოდ ფრთხილობენ – პირველ რიგში იმის გამო რაც უშუალოდ რეგიონში ხდება და შემდეგ უკვე იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება საქართველოს შიგნით – იკვეთება მიმართულების ცვლილება დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ, რაც თავისთავად იწვევს ინვესტორების შეშფოთებას,“ – ამბობს ფადი ასლი.

საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ‘ანალიტიკა’–სთან პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ „სააკაშვილის ეპოქის დასრულების შემდეგ, როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ წააგო არჩევნები და ხელისუფლებაში ქართული ოცნება მოვიდა, ჩვენ ძალიან ხშირად ვისმენდით ამგვარ შეკითხვას – რა მოხდებოდა მაშინ თუ ქართული ოცნება დაბრუნდებოდა რუსეთის ორბიტაზე – ჩვენ ყოველთვის გვეგონა, რომ ქართული ოცნება გააგრძელებდა დასავლურ კურსს, როგორც წინა მთავრობა, მაგრამ ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ ის იცვლის მიმართულებას და ეს ყველასთვის შემაშფოთებელია. ვიცი, რომ რამდენიმე ინვესტორი აპირებს საკუთარი აქტივების გაყიდვას. ეთერში შემოსვლამდე, სებ–ის ვიცე–პრეზიდენტს პაპუნა ლეჟავას ვესაუბრებოდი და მას ვუთხარი, რომ ზოგიერთი უცხოელი ინვესტორი, რომელიც აქ აწარმოებს ბიზნესს, იწყებს იმაზე ფიქრს, თუ როგორ მოახდინოს საკუთარი ფულის გატანა საზღვარგარეთ, რადგან ნერვიულობს აქ არსებულ სიტუაციაზე“ – ამბობს ფადი ასლი.

‘ანალიტიკა’–ს ავტორისა და წამყვანის ელენე კვანჭილაშვილის დაზუსტებაზე – როდესაც ინვესტორები კითხულობენ, რამდენად უსაფრთხოა საქართველო, გულისხმობენ თუ არა უშუალოდ ომის საფრთხეს, რომელიც რუსეთისგან შეიძლება მომდინარეობდეს – ფადი ასლის პასუხია, რომ – არა. „მათი კითხვებია: ჩემი ფული უსაფრთხოდაა საქართველოში? ჩემი ინვესტიცია უსაფრთხოდაა საქართველოში? ეს არ ეხება ომს, რომელიც შეიძლება იყოს წამოწყებული. ინვესტორები ძირითადად საკუთარი ინვესტიციების დაცულობაზე ფიქრობენ“ – ამბობს ფადი ასლი ‘ანალიტიკა’–ს პირდაპირ ეთერში.