მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს რეგიონებში ტურისტულ ობიექტებზე მოთხოვნა გაიზარდა

645b947d5d07a
ლიკა გურაბანიძე
11.05.23 09:31
789
საქართველოს რეგიონებში ტურისტულ ობიექტებზე მოთხოვნა გაიზარდა. როგორც “საქმიან დილასთან” საუბრისას ამ სექტორის წამორმადგენლებმა აღნიშნეს, ზრდის ტენდენცია პანდემიური ფონის შესუსტებამ და ტურისტების მატებამ გამოიწვია. ტურიზმის გამოცოცლებას გრძნობენ “კასს ლენდ დაიმონდ რეზორტში”, ცნობილ წალკის კანიონზე.

“კასს ლენდ დაიმონდ რეზორტის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ეთი ბეკურაშვილი აღნიშნავს, რომ 240 მეტრი სიგრძის მინის ხიდი როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ტურისტების ინტერესის საგანია, რაც მათ რაოდენობას ზრდის.

“გასულ წელს 100 000 ვიზიტორზე მეტს ვუმასპინძლეთ და წელს უკეთესი მოლოდინი გვაქვს. ზუსტ რიცხვებზე საუბარს მოგვიანებით შევძლებთ, თუმცა მანამ გეყვით, რომ უცხოელი ტურისტების ჩამონათვალი წინასწარი მონაცემებით, საკმაოდ მრავალფეროვანია. ურთიერთობა სხვადასხვა ტურისტულ კომპანიებთან გვაქვს. წელს აქტიურობას ისეთი ქვეყნებიდან ველოდებით, როგორიცაა, ინდოეთი, ჩინეთი, ტაილანდი, ისრაელი და რაღა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეები. ამ ეტაპზე ფასები ქართველებისთვის 19 ლარიდან 29 ლარამდე მერყეობს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 34-დან 49 ლარამდე”, - აღნიშნა ეთი ბეკურაშვილმა.

ტურისტების გააქტიურებას პანდემიის დასრულებას უკავშირებს “ახალციხის ციხის” (რაბათი) დირექტორი ზაზა თამარაშვილი, მისი თქმით, გასული წლის ოთხ თვესთან შედარებით წელს ტურისტების რაოდენობა 33%-ით გაეზარდათ.

“თუ ტურისტულ სივრცეს გასულ წელს 91 000 ვიზიტორი ესტუმრა, წელს ეს მაჩვენებელი მინიმალური გათვლებით 100 000-იან ნიშნულს გადააჭარბებს. ახალციხის ციხის კომპლექსში შესვლა უცხოეთის მოქალაქეებისთვის 18 ლარი ღირს, ხოლო საქართველოს მოქალაქეებისთვის 7ლარი”, - აღნიშნა თამარაშვილმა.

რაც შეეხება დაცული ტერიტორიების სააგენტოს, მათი ცნობით, 2023 წლის 4 თვეში, საქართველოს 4 დაცულ ტერიტორიას თითქმის 50 000 ვიზიტორი ეწვია. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ეს რიცხვი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, 34%-ით არის გაზრდილი. როგორც სააგენტოში განმარტავენ, 2023 წლის 4 თვეში, სათაფლიას 94%-ით, ოკაცეს კანიონს 44%-ით, მარტვილის კანიონს 30%-ით, ხოლო პრომეთეს მღვიმეს 21%-ით მეტი ვიზიტორი სტუმრობდა, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში.

როგორც დაცულ ტერიტორიებზე, ასევე სხვა ტურისტულ ობიექტებზე ფასები შენარჩუნებულია და ამ ეტაპზე ზრდა არ იგეგმება.