29.ნოემბერი .2021 15:22

“საქართველოს რკინიგზაში საჭიროზე 3-ჯერ მეტი თანამშრომელია, რეფორმების დროა” - ოსინოვსკი

“საქართველოს რკინიგზაში საჭიროზე 3-ჯერ მეტი თანამშრომელია, რეფორმების დროა” - ოსინოვსკი
views 4242
უკან

ესტონელი ბიზნესმენი, ოლეგ ოსინოვსკი, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი სატრანსპორტო ჯგუფის - Skinest Rail-ის დამფუძნებელია, აცხადებს, რომ საქართველოს რკინიგზა გადაუდებელი რეფორმირების წინაშე დგას. ამის შესახებ ოსინოვსკიმ Forbes-თან ესკლუზიური ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, დღეს საქართველოს რკინიგზაში იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი არის დასაქმებული, ვიდრე საჭიროა. ოსინოვსკის თქმით, განახლება ესაჭიროება რკინიგზის შემადგენლობასაც, რადგან არსებული ლოკომოტივები მოძველებულია და ისინი 50%-ით მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ, ვიდრე თანამედროვე მოდელები.

ოლეგ ოსინოვსკი აღნიშნავს, რომ არაეფექტიანი სახელმწიფო კომპანიების განვითარების ყველაზე სწორი გზა პრივატიზაციაა.

ოლეგ ოსინოვსკი "საქართველოს რკინიგზაზე":

ოლეგ ოსინოვსკი: საქართველოში რკინიგზა ისეთ ზღვარზეა… დიდი ხანია უკვე, რეფორმის ზღურბლზეა. საჭიროა, რაღაც გაკეთდეს. შემადგენლობის დაზიანების ხარისხი ისეთია, განსაკუთრებით ლოკომოტივების პარკი ისეთ მდგომარეობაშია, რომ, მაგალითად, ის ლოკომოტივები, რომლებიც საქართველოს რკინიგზაზე გადაადგილდება, 50%-ით მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე თანამედროვე ლოკომოტივები. მათი სანდოობა თანამედროვე ლოკომოტივებთან შედარებით 2-ჯერ ნაკლებია. "საქართველოს რკინიგზა" დღეს ისეთ საზღვარზეა, სადაც უკვე დროა რეფორმის და დროა, რკინიგზაში ინვესტირება დაიწყოს. ამ ეტაპამდე უნდა მივიდეთ და ჩვენ ველოდებით ამ მომენტს.

გიორგი ისაკაძე: როცა რეფორმებზე საუბრობთ, გულისხმობთ, რომ რკინიგზამ აქციების ნაწილი უნდა გაყიდოს?

ოლეგ ოსინოვსკი: არა, ამას არ ვგულისხმობ. მე ჩემი შეგნებით არ ვემხრობი სახელმწიფო საკუთრებებს, ვთვლი, რომ სახელმწიფო კაპიტალიზმი იგივე სოციალიზმია, ან, გნებავთ, კომუნიზმი და სახელმწიფო საწარმო არ უნდა არსებობდეს, ამაში მყარად ვარ დარწმუნებული. მაგალითად, ვაგონი რატომ უნდა არემონტოს გადასახადის გადამხდელმა? რატომ უნდა ცვალოს გადასახადის გადამხდელმა ზეთი ლოკომოტივში ან ზიდოს ტვირთი? რატომ უნდა იყოს, მაგალითად, მასწავლებელი ტვირთების გადამზიდავი კომპანიის აქციონერი?

გიორგი ისაკაძე: რა მოლოდინი გაქვთ "საქართველოს რკინიგზისგან"?


ოლეგ ოსინოვსკი: ეს მხოლოდ პირველი ნაწილია, რისი თქმაც მინდოდა. ჩემი აზრით, სახელმწიფო საწარმო საერთოდ არ უნდა არსებობდეს.

გიორგი ისაკაძე: ეს საერთო ხედვაა...

ოლეგ ოსინოვსკი: მაგრამ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, სახელმწიფო საწარმოც იყოს უფრო მეტად ეფექტიანი. ჩემი აზრით, საქათველოს რკინიგზაში საჭიროზე 3-ჯერ მეტი თანამშრომელია. საქართველოს რკინიგზა დღეს ისე გამოიყურება, როგორც სოციალური პროექტი.

გიორგი ისაკაძე: როგორც სოციალური საწარმო...

ოლეგ ოსინოვსკი: ჩემი აზრით, იქ საჭიროზე 3-ჯერ მეტი ადამიანია დასაქმებული. აუცილებელია ხალხის შემცირება, მარშრუტების ოპტიმიზაცია, ინვესტიცია ძირითად შემადგენლობაში უნდა ჩაიდოს. ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

ამ ინვესტიციებისთვის რეალურად დიდი ფულია საჭირო და კითხვა არის შემდეგი, არის კი მზად მასწავლებელი, რომ ჩადოს ასობით მილიონი ევროს ინვესტიცია რკინიგზაში. ეს მნიშვნელოვანი კითხვაა. მასწავლებელმა შესაძლოა თქვას, რომ მირჩევნია, სახელმწიფომ ამიშენოს გზა, გაანათოს, ან იტყვის, მინდა სუფთა წყალს ვიღებდე და რკინიგზაში ფული კერძო სექტორმა ჩადოს, რადგან ეს ჩემი საქმე არ არის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სინამდვილეში სახელმწიფოს აქციონერები არიან ადამიანები. კლასიკურ ბიზნესსქემას რომ შევადაროთ, სახელმწიფო ეს არის აქციონერების გაერთიანება, ბევრი პატარა აქციონერის ერთობა, როგორც ბირჟაზე განთავსებული კომპანია. საქართველოში, მაგალითად, 4 მლნ პატარა აქციონერია, არის საბჭო პარლამენტის სახით, რომელსაც აქციონერები ირჩევენ, არის აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელსაც ნიშნავენ აქციონერები, ეს არის კლასიკური სააქციო საზოგადოება,” - აღნიშნავს ესტონელი ბიზნესმენი.

საქართველოს რკინიგზა ერთ-ერთი ყველაზე ზარალიანი სახელმწიფო საწარმოა. 2020 წელს კომპანიამ 164.6 მილიონი ლარით იზარალა, 2018 წელს კი მისი ზარალი 716 მილიონ ლარს შეადგენდა. საქართველოს რკინიგზა სახელმწიფო კომპანიებს შორის ყველაზე მეტს - 12,500 ადამიანს ასაქმებს, რომელთა ხელფასებზეც წლიურად 170 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. 2021 წლის 9 თვეში კი კომპანიის სახელფასო ხარჯმა 127.1 მილიონი ლარი შეადგინა.

ინტერვიუ ოლეგ ოსინოვსკისთან:



საქართველოს რკინიგზის მოგება-ზარალი წლების მიხედვით:

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა