მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურით ვართ დაინტერესებული” - UAE-ს ვაჭრობის მინისტრი

6414271b7def0
შოთა ტყეშელაშვილი
17.03.23 12:50
1122
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა არაბეთის გაერთიანებული საამიროების ვაჭრობის მინისტრმა, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდიმ განაცხადა, რომ UAE საქართველოში საპორტო ინფრასტრუქტურაში ინვესტირებითაც არის დაინტერესებული.

დღეს საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ბიზნესფორუმი იმართება, ამავდროულად ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მიმდინარეობს მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი.

UAE-ს ვაჭრობის მინისტრის განცხადებით, მის ქვეყანას საქართველოში წლების განმავლობაში ეკონომიკის არაერთ სექტორში ჯამში 1 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. ზეიუდის თქმით, ამჟამად უყურებენ ისეთ სფეროებს, როგორიცაა ლოგისტიკა, საპორტო საქმიანობა, სურსათის წარმოება, ტურიზმი და სხვა.

“ჩვენ ჩამოსული ვართ დიდი დელეგაციით, 40-ზე მეტი დელეგატი კერძო სექტორიდან არის ჩამოსული და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დავასრულებთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მუშაობას. შესაბამისად, დაიწყება ახალი ხანა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის. ჩვენ ვამაყობთ იმით, რასაც უკვე მივაღწიეთ. გასულ წელს იყო 100%-ზე დიდი ზრდა და სავაჭრო ბრუნვამ 460 მილიონ დოლარს მიაღწია. ამასთანავე, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს საქართველოში განხორციელებული აქვს 1 მილიარდ დოლარზე უფრო დიდი ინვესტიციები, და არსებობს უფრო მეტი შესაძლებლობა ინფრასტრუქტურის, სტუმარმასპინძლობის და სასტუმროების მიმართულებით, რითიც ჩვენი ერთ-ერთი წამყვანი კომპანია არის დაინტერესებული. ასევე არსებობს ინტერესი სასურსათო უსაფრთხოებისა და საკვების წარმოების სფეროებში ინვესტიციების მიმართულებით. სურსათის წარმოების მიმართულებით ჩვენი კომპანიები, რომლებიც დღეს აქ არიან წარმოდგენილი, არიან დაინტერესებული საკუთარი ბიზნესების გაფართოებით.

ჩვენ ამასთანავე ვართ დაინტერესებული საპორტო ინფრასტრუქტურით, საბანკო სისტემით, ასევე ახალი სექტორებითა და ტექნოლოგიებით, რომელთა შესახებაც ბიზნეს საბჭოს ფორმატში ვისაუბრებთ და უფრო კონკრეტულ პროექტებს განვიხილავთ ორ ქვეყანას შორის.

ჩვენ გვსურს ვიხილოთ ამ პარტნიორობის დაახლოება და მისი შემდეგ საფეხურზე გადასვლა,”- განაცხადა თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდიმ.

2022 წლის ოქტომბერში, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის საკუთრებაში არსებული “აბუ დაბის პორტები” ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ინვესტირებას განიხილავდა.

შეგახსენებთ, მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული ხელშეკრულება 2020 წლის იანვარში გაწყვიტა. პროექტის შეჩერების შემდეგ, ინვესტორმა კომპანიამ საქართველოს წინააღმდეგ ორი საარბიტრაჟო დავა დაიწყო. თებერვლის ბოლოს მთავრობამ განაცხადა, რომ პორტის ახალი ინვესტორის შესარჩევად საერთაშორისო ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადეს.