ISET-ის ბიზნესის განწყობის ინდექსის მიხედვით, 2023 წლის მესამე კვარტალის მდგომარეობით, მცირე და საშუალო ბიზნესები მთავარ გამოწვევად ფინანსებზე ხელმისაწვდომობას ასახელებენ.
საქართველოს რისკებსა და შანსებს, მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები და გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა BMGTV-ს გადაცემაში 'ანალიტიკა' ბიზნესმენი თამაზ დაუშვილი აფასებს და აღნიშნავს, რომ რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენები ინვესტორებს მეტი სიფრთხილისკენ უბიძგებს.
“ყველაზე მეტად, რაზეც ინვესტორები ფიქრობენ, რეგიონში არსებული სიტუაციაა, უკრაინაში მიმდინარე ომი და რა გავლენას ახდენს ის შიდა პოლიტიკურ მოვლენებზე. ინვესტორები უფრო ფრთხილად უდგებიან ახლა საქართველოს, ვიდრე წინა წლებში, კოვიდამდე.
უამრავი კითხვები უჩნდებათ საქართველოსთან დაკავშირებით, სამართლებრივ საკითხებზე, სასამართლოზე, დემოკრატიაზე… კანდიდატის სტატუსის საკითხიც გასარკვევია და, მე რომ ვიყო უცხოელი ინვესტორი, ძალიან დავფიქრდებოდი, სად განმეთავსებინა ინვესტიციები, საქართველოში თუ სხვაგან. თუმცა არსებობს გარკვეული ფაქტორები, რაც ჩვენს ქვეყანას მიმზიდველობას უნარჩუნებს, თუნდაც შუა დერეფანი, ტურიზმი და ა.შ. ასე რომ, თუ ჩვენ მოვახერხებთ, რომ სტაბილურ, ნამდვილ დემოკრატიაში გადავიდეთ, დარწმუნებული ვარ, ეს რეიტინგი გაუმჯობესდება”, - აცხადებს “დიოს” დამფუძნებელი.
დაუშვილის განმარტებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სტატუსის მიღება ბევრი უცხოელი ინვესტორისათვის, შესაძლოა, სწორედ ის ფაქტორი იყოს, რაც მას საქართველოში ინვესტირებას გადააწყვეტინებს.
“ეს არის გადამწყვეტი ფაქტორი ნებისმიერი ინვესტორისთვის, რაც არ უნდა გვიხაროდეს ლამაზი ციფრები, ყველაზე მთავარი სიგნალი კანდიდატის სტატუსი იქნება, რადგან ინვესტორები ძალიან ბევრი არიან მსოფლიოში და არა ერთი და ორი, რომლებიც, რა თქმა უნდა, უყურებენ ჩვენს ქვეყანას ამ თვალსაზრისით.
იმიტომ, რომ ევროკავშირთან დაახლოება ძალიან ბევრ საკითხში გარკვეულობას ნიშნავს. როდესაც მისი წევრი გავხდებით, უკვე წარმოუდგენელია, ის კითხვები, რაც ახლა გვაქვს სასამართლოსთან, ბალანსთან, დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, ისევ არსებობდეს და ინვესტორისთვის სხვა ფაქტორები, მაგალითად კვალიფიციური მუშახელის არსებობა, იქნება მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, რომ ეს მთავარი საკითხი უნდა მოგვარდეს და კანდიდატის სტატუსი დამსახურებულად უნდა მივიღოთ”, - აცხადებს თამაზ დაუშვილი.