მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში 367 მლნ ლარის საპენსიო სესხია გაცემული - რამდენია საპროცენტო განაკვეთი?

620d162671325
შოთა ტყეშელაშვილი
16.02.22 19:35
1234

საქართველოს პენსიონერებსა და სოცდაუცველებს სულ 367.5 მილიონი ლარის “საპენსიო სესხები” აქვთ აღებული. ეს არის კრედიტები, რომლებიც სახელმწიფო სოციალური დახმარებით და პენსიებით არის უზრუნველყოფილი.

“ლიბერთი ბანკის” მიერ ეროვნული ბანკისთვის გაგზავნილი ანგარიშიდან ირკვევა, რომ ამ კრედიტების ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 35.4%-ია.

პენსიით უზრუნველყოფილ სესხებს მხოლოდ “ლიბერთი ბანკი” გასცემს. სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, სულ 393,915 ასეთი სესხი იყო მოქმედი ანუ თითქმის ყოველ მესამე პენსიონერს და სოცდაუცველს მოქმედი საპენსიო კრედიტი აქვს.

საშუალოდ ერთი საპენსიო სესხის მოცულობა 934 ლარს შეადგენს. ამჟამად, საპენსიო სესხებზე "ლიბერთი ბანკის" მთლიანი საკრედიტო პორტფელის 18% მოდის. 

ცვლილებები საპენსიო კრედიტებში - მომავალში ამ სესხების მაქსიმალური განაკვეთი 26%-მდე შემცირდება

წინა კვირის ბოლოს მთავრობის მიერ შექმნილმა სპეციალურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება - ბანკი, რომელიც მომავალში პენსიებს და სოციალურ გასაცემლებს დაარიგებს, ამ დახმარებების ბენეფიციარებისთვის გაცემულ სესხებში განაკვეთს შეამცირებს.

უფრო დეტალურად კი განაკვეთი რეფინანსირების პროცენტზე იქნება მიბმული და მასზე მაქსიმუმ 15%-ით მეტი შეიძლება იყოს. ამჟამად რეფინანსირების განაკვეთი 10.5%-ია. მას პლიუს 15% არის 25.5%, ხოლო თუკი რეფინანსირების განაკვეთი 8% ან 7%-მდე შემცირდება, მაშინ საპენსიო სესხის განაკვეთიც 23%-მდე ან 22%-მდე უნდა შემცირდეს.

თუმცა ბანკისთვის საპროცენტო განაკვეთის ლიმიტის დაწესებასთან ერთად, მთავრობა პენსიების დარიგების წესს ცვლის.
დღეს სახელმწიფო ბიუჯეტს პენსიის დარიგება 0 ლარი უჯდება, რადგანაც 800,000 პენსიონერისთვის პენსიის მიწოდებას უშუალოდ კონტრაქტორი ბანკი - “ლიბერთი ბანკი” უზრუნველყოფს.

ახალი პირობების მიხედვით, მთავრობა კომერციულ ბანკს, რომელიც პენსიებს დაარიგებს ამ სერვისში დამატებით 15 მილიონ ლარს გადაუხდის.

BMG-ის კითხვაზე, თუ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პასუხობს, რომ ეს თანხა ბანკს საპროცენტო განაკვეთის შემცირებიდან მიღებულ საშემოსავლო დანაკლისს დაუბალანსებს. ამასთან, ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ახალ კონკურსში ბანკებს აქვთ უფლება, სესხების კიდევ უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთი ჩადონ მათ შეთავაზებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, პენსიების გაცემის მორიგ სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობის მიღებას "ლიბერთი ბანკი" და "საქართველოს ბანკი" გეგმავენ.