საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 108 ათასით არის შემცირებული - ამის შესახებ საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, 2021 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, ქვეყანაში დასაქმებულად 782.8 ათასი ადამიანი ითვლება, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 108 ათასით ნაკლებია.
შესაბამისად, COVID-19-ის ეკონომიკური კრიზისის გამო ქვეყანაში ანაზღაურებადი სამუშაო 108 ათასით ნაკლებ ადამიანს აქვს.
დაქირავებით დასაქმებულებთან ერთად - 25 ათასით, 345.7 ათასამდე შემცირდა თვითდასაქმებულთა რაოდენობაც.
ჯამურად, როგორც დაქირავებულთა, ასევე თვითდასაქმებულთა რაოდენობა 132.9 ათასით შემცირდა.
საქსტატის თანახმად, ამ კლების გამო საქართველოში უმუშევრობის ოფიციალური დონე 21.9%-მდე გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.7 პროცენტული პუნქტით მეტია.
ამასთანავე, საქსტატის მონაცემებით, შემცირებულია ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობაც. თუკი 2020 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკურად აქტიურის სტატუსი 1.54 მილიონ მოქალაქეს ჰქონდა, 2021 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკურად აქტიურად 98 ათასით ნაკლები ადამიანი 1.45 მილიონი მოქალაქე ითვლებოდა.
სავარაუდოდ, 2021 წლის მეორე კვარტლიდან დაქირავებით დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთა რაოდენობა კვლავ მატებას დაიწყებს, თუმცა დასაქმების დონემ ნაკლებად სავარაუდოა, რომ კრიზისამდელ პერიოდს 2021 წელსვე მიაღწიოს.