მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

I კვარტალში ქვეყანაში უმუშევრობის დონე 18%-მდე შემცირდა

64672346ae0d2
მარიამ ვარადაშვილი
19.05.23 11:25
588
I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.4 პროცენტული პუნქტით 18%-მდე შემცირდა. 2022 წლის I კვარტალში ქვეყანაში უმუშევრობის დონე 19.4% იყო. 2019 წლიდან დღემდე უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გასული წლის III კვარტალში დაფიქსირდა, როცა უმუშევრობის დონემ 15.6%-ს მიაღწია. 

I კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხვი 45.8 ათასით (5.6%) გაიზარდა და 863.5 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა 25.4 ათასით გაიზარდა (6.6%) და 407.7 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 10.4 ათასით (3.6%) და 279.2 ათასი შეადგინა.

2023 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 52%-ით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 42.6% შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში 2022 წლის I კვარტალთან შედარებით, დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და თითქმის 68% შეადგინა. საქსტატის თანახმად, უმუშევრობის დონე შემცირებულია როგორც საქალაქო ისე სასოფლო ტიპის დასახლებებში. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2023 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე ქალებში შემცირებულია 1.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 1.1 პროცენტული პუნქტით. ამას გარდა, I კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალებში, ასევე კაცებში შესაბამისად 3.1 და 1.6 პროცენტული პუნქტებით.

მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები