მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა უაღრესად დანაწევრებულია - მსოფლიო ბანკის ანგარიში

6303bec5e67e7
BM.GE
22.08.22 23:01
4553
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა საქართველოში უაღრესად დანაწევრებულია, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის, მიწისა და წყლის მართვის პოლიტიკასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ შემაჯამებელ ანგარიშში წერია. ანგარიშში, რომელიც, როგორც მიგნებებს, ასევე რეკომენდაციებს მოიცავს, ასევე აღნიშნულია, რომ კერძო საკუთრებაში მცირე ზომის ნაკვეთებია (რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების 36 პროცენტი), ხოლო უფრო დიდი ნაკვეთები სახელმწიფოს საკუთრებაში ან მართვაშია.

მსოფლიო ბანკის მიხედვით, საკუთარ მოხმარებაზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობიდან, კომერციულ სოფლის მეურნეობაზე გადასვლის ერთ-ერთი გზა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებაში მზარდი კონსოლიდაციის ხელშეწყობაა.

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საშუალო ფართობი, რომელსაც შინამეურნეობა მართავს, 1.37 ჰექტარია. მიწის მფლობელობის მხრივ, ყველაზე დიდი საშუალო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი 3.55 ჰექტარი, კახეთის რეგიონშია, შემდეგ მოდის სამცხე-ჯავახეთის რეგიონი (2.21 ჰექტარი).
სამცხე-ჯავახეთში, სასოფლო-სამეურნეო მიწის 50 პროცენტზე მეტი საძოვრებს უკავია (საქართველოს მთავრობა 2013წ.). ქვემო ქართლის რეგიონი, 1.81 ჰექტარით, მესამეა საშუალო სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის მიხედვით (GFA 2018წ.). დანარჩენ რეგიონებში, სასოფლო-სამეურნეო შინამეურნეობების უმეტესობა, მცირე საოჯახო მეურნეობებია 1.37 ჰექტარზე ნაკლები ფართობით, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელია“, - წერია ანგარიშში.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, საკუთრების აღრიცხვის სისტემებში მნიშვნელოვანი მიღწევებისა და პროცედურების გამარტივების მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით მიწის, ძირითადად სასოფლო-სამეურნეო
მიწის, 28%, ჯერ კიდევ დასარეგისტრირებელია.

„სოფლად მიწის სუსტი ბაზრები ქმნის ენდოგენურ შეზღუდვებს, როგორც ზრდის (მაგ., ფერმერები, რომლებიც ცდილობენ, გაზარდონ თავიანთი მეურნეობები), ასევე ბაზარზე შესვლის თვალსაზრისით (მაგ. ფერმერები ან აგრობიზნესის საწარმოები, რომლებიც ეძებენ სასოფლო-სამეურნეო მიწის დიდ ფართობებს ინვესტიციისთვის)", - მიაჩნია მსოფლიო ბანკს და ანგარიშში აღნიშნავს, რომ სპეციალური მარეგულირებელი და საკანონმდებლო მექანიზმის შექმნა, როგორიცაა „მიწის მდგრადი მართვის ეროვნული სტრატეგია“, მიწის კონსოლიდაციის პოლიტიკის დღის წესრიგის ჩათვლით, ხელს შეუწყობს ამ შეზღუდვების დაძლევას.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, მიწის გაერთიანების რეგულირების მოთხოვნა უკვე იკვეთება, რადგან მიწის სისტემური რეგისტრაციის კამპანიის დროს, მესაკუთრეთა სპონტანური მოთხოვნის შემდეგ, მოხდა რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების 11 პროცენტის კონსოლიდაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები