09.მარტი .2020 21:00

საქართველოში საწვავის გაიაფებაა მოსალოდნელი - მთვრალაშვილი

views 629
უკან

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილის თქმით, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნა საქართველოშიც გამოიწვევს საწვავზე ფასის შემცირებას, თუმცა, თუ რა ვადებში გვექნება ეს მოცემულობა, ეს თავად კომპანიების გადასაწყვეტია.

„ბოლო ორი დღის მოვლენების გავლენა ადგილობრივ ბაზარზე, რა თქმა უნდა იქნება. თუმცა, ეს იქნება დროის რაღაც ინტერვალში, იმიტომ რომ ეს ყველაფერი დაკავშირებული არის პირველ რიგში იმასთან, რომ დაბალფასიანი პროდუქტის იმპორტი უნდა განხორციელდეს ქვეყანაში და შემდეგ უკვე დროის ამბავია“, - განაცხადა მთვრალაშვილმა bm.ge-სთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, საქართველოში საწვავზე ფასი ბოლო ერთი თვის განმავლობაში 12-15 თეთრით არის შემცირებული:

„ფასების კორექტირება კლებისკენ საცალო ქსელში ფაქტობრივად ორჯერ განხორციელდა. ფასები მიმდინარე ეტაპზე ისედაც შემცირებული იყო. ეს ყველაფერი იმასთანაა დაკავშირებული, რომ გლობალურ ბაზრებზე ფასები მცირდებოდა და ამას დაემატა ლარის გამყარებაც დოლართან მიმართებით“.

როგორც მთვრალაშვილი ამბობს, მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნის შემცირებზე კორონავირუსის ეპიდემიებმა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა, კერძოდ, შემცირდა საჰაერო ფრენები, ტრანსპორტირება, რის გამოც შემცირდა საწვავის გამოყენება და შესაბამისად მოთხოვნაც საწვავზე.

„იმ ფონზე, რომ გლობალურ ბაზრებზე ნავთობზე მოთხოვნა შემცირდა, OPEC-ს სურდა მოპოვება შეემცირებინა, რათა მიწოდებაც ნაკლები ყოფილიყო. თუმცა, ეს შეთანხმება რუსეთიდან და ყაზახეთიდან გამომდინარე ვერ შედგა, თავისთავად ეს პროცესები არაპროგნოზირებად და უმართავს ხდის სანავთობო ბაზარს“, - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, WTI-ის ტიპის ნავთობი 33,91 დოლარი ღირს ბარელზე. ხოლო „ბრენტის“ ტიპის ნავთობი 36,61 დოლარი.

დღეს დილით, გლობალურ ბირჟებზე სავაჭრო სესიის განახლების პირველივე წამებზე ნედლი ნავთობის ფასი 31%-ით დაეცა. ეს უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში (1991 წლის ახლო აღმოსავლეთის ომის შემდგომ) ნავთობის ფასის ყველაზე მკვეთრი ერთდღიანი ცვლილება იყო.