მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში უმუშევრობის დონე კაცებში ქალებთან შედარებით კვლავ მაღალია - საქსტატი

6301fe819035a
თამთა ჯიჯავაძე
21.08.22 16:11
1082
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის II კვარტალის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 3.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 4.0 პროცენტული პუნქტით.

საქსტატის ინფორმაციითვე, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2022 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 40.8 პროცენტს, ხოლო კაცებში 64.2 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 0.5 პროცენტული პუნქტით.

ზოგად ჭრილში კი უმუშევრობის დონე წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.1% შეადგინა.

წინა წელთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა 36.2 ათასი კაცით გაიზარდა (4.4%) და 867.9 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 19.4 ათასით გაიზარდა (5.1%) და 401.2 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 63.0 ათასით შემცირდა (18.3%) და 281.6 ათასი შეადგინა.

დასაქმების დონე გაიზარდა როგორც ქალაქის ტიპის (0.9 პროცენტული პუნქტით), ისე სოფლის ტიპის (3.7 პროცენტული პუნქტით) დასახლებებში და შესაბამისად 42.8% და 41.4% შეადგინა.