ჩვენ ვერ ვიქნებით ბედნიერი მანამ, ვიდრე საქართველოში სიღარიბე არ განულდება და უმუშევრობის პრობლემა საბოლოოდ არ დაიძლევა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ამჟამად გაუმჯობესებულია უმუშევრობის და სიღარიბის დაძლევის მაჩვენებლები, სამუშაო კიდევ ბევრია.
“სიღარიბესთან დაკავშირებით გვაქვს კონკრეტული მონაცემები. 2022 წლის მონაცემებით, სიღარიბის დონე 15.4%-ია. ძალიან მძიმე ვითარებაა. მართალია, ნაცმოძრაობის შემდეგ სიღარიბე განახევრებულია, მაგრამ ჩვენ ამით ვერ ვიქნებით ბედნიერი და კმაყოფილი. ჩვენ ბედნიერი შეიძლება ვიყოთ მხოლოდ მაშინ, როცა სიღარიბე განულდება.
რაც შეეხება უმუშევრობას, დღეს გვაქვს ისტორიული მინიმუმი, თუმცა უმუშევრობის მაჩვენებელიც არის ძალიან მაღალი. მთავარი, რასაც ვაკეთებთ, არის სწრაფი ეკონომიკური ზრდა. 2021 წელს გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, 2022 წელსაც, შარშან გვქონდა 7.5%-იანი ზრდა, წელსაც ველოდებით ანალოგიურ მაჩვენებელს. სამუშაო ადგილების შექმნის მთავარი ინსტრუმენტი არის სწორედ მაღალი ეკონომიკური ზრდა. იმისთვის ხორციელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებიც, ავტობანის მშენებლობა, პორტების და აეროპორტების განვითარება და ა.შ., რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. IT-ის მიმართულებით და სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს სერიოზული პროგრესი. სწორედ ეს პროცესი არის დაკავშირებული საბოლოო ჯამში სამუშაო ადგილების შექმნასთან და ასევე დასაქმებულების შრომის ანაზღაურების გაზრდასთან.
დღეს ჩვენ არ ვართ ბედნიერი იმ სურათით, რაც არის ჩამოყალიბებული, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს როგორც სიღარიბის შემცირების თვალსაზრისით, ასევე დასაქმების კუთხით გაუმჯობესება, ჩვენ ვერ ვიქნებით ბედნიერი, ვიდრე სიღარიბე ქვეყანაში არ განულდება, ვიდრე უმუშევრობის პრობლემა არ დაიძლევა. ეს არის მთავარი ეროვნული ამოცანა, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, გასული წლის IV კვარტალში უმუშევრობის დონე 15.3%-მდე შემცირდა, რაც 2019 წლიდან მოყოლებული კვარტალურად ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. სავარაუდოა, რომ იგივე ტენდენცია იქნება წლიურ ჭრილშიც და 2023 წლის მონაცემებით, უმუშევრობის დონე 16-16.5%-ის ფარგლებში დაფიქსირდება, რაც ასევე 2010 წლიდან მოყოლებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
რაც შეეხება სიღარიბის მაჩვენებელს, საქართველოში 2022 წელს სიღარიბის აბსოლუტურმა მაჩვენებელმა 15.6% შეადგინა. ეს 2021 წელთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. 2023 წლის სიღარიბის მაჩვენებელს საქსტატი მაისში გამოაქვეყნებს.