მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ითვლება სიღარიბის დონე, რომელიც ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა

6474a139f0e29
შოთა ტყეშელაშვილი
30.05.23 00:00
1454

საქართველოში სიღარიბე მცირდება - საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს სიღარიბის აბსოლუტურმა მაჩვენებელმა 15.6% შეადგინა. ეს წინა წელთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

შესაბამისად, ამ დათვლით, ქვეყანაში აბსოლუტურ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის რაოდენობა 71 ათასით შემცირდა და მან 583 ათასი შეადგინა. სიღარიბის დონემ იკლო 2021 წელსაც, შესაბამისად, ბოლო ორი წლის განმავლობაში სიღარიბე 5.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა. 2020 წელს პანდემიის გამო სიღარიბე 19.5 პროცენტიდან 21.3 პროცენტამდე გაიზარდა, თუმცა შემდგომ წლებში ის შემცირდა.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სიღარიბის შემცირება ეკონომიკის ზრდამ განაპირობა:

"ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ეს ზრდა აისახა დასაქმებაზე. დღეს საქსტატმა გამოაქვეყნა მონაცემები სიღარიბის შესახებ, აქაც სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმამდეა დასული. ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში სიღარიბე აღმოვფხვერით, რა თქმა უნდა, მილიონზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, მაგრამ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იყო 2022 წლის განმავლობაში, რაც ერთ-ერთი პირდაპირი შედეგია, მათ შორის ეკონომიკური ზრდის,"- განაცხადა მინისტრმა.

ეკონომიკური ზრდა და შესაბამისად, შინამეურნეობის შემოსავლების ზრდა სიღარიბის დონის შემცირების მიზეზი ნამდვილად არის, მაგრამ არა - ერთადერთი. როგორც BMG-მ საქსტატის სოციალური სტატისტიკის დეპარტამენტში დააზუსტა, სიღარიბეს ამცირებს ნებისმიერი სახის შემოსავალი ეს იქნება სოციალური დახმარება, ხელფასი, დაქირავებით დასაქმება, გზავნილები თუ საზოგადოებრივი სამუშაოებზე - ნებისმიერი წყაროდან მიღებული შემოსავალი და შემდეგ დაგენერირებული ხარჯები დადებითად მოქმედებს სიღარიბის დონის შემცირებაზე. აღსანიშნია, რომ საქსტატი სიღარიბის შემცირების მიზეზებს იმის მიხედვით არ ითვლის - სოციალური დახმარებების გამო ამოვიდა სიღარიბიდან, თუ თავისი შრომით დააგენერირა.

როგორ ითვლიან სიღარიბეს:


საქსტატი მოსახლეობის შემოსავლების, დანახარჯებისა და სიღარიბის სტატისტიკას შინამეურნეობების (ოჯახების) გამოკვლევით ითვლის. გამოკვლევა ყოველკვარტალურად ტარდება და მასში 4,300 შინამეურნეობა მონაწილეობს, რომლის ფარგლებშიც გროვდება მონაცემები შინამეურნეობების შემოსავლების, ხარჯების და შინამეურნეობების სხვადასხვა მახასიათებლების შესახებ.

საქსტატის მეთოდოლოგიის მიხედვით, შინამეურნეობების გამოკითხვა ხორციელდება 2-(2)-2 როტაციული სქემის მიხედვით, რაც ნიშნავს, რომ შერჩეულ მისამართზე მცხოვრებ შინამეურნეობაში გამოკითხვა ტარდება ზედიზედ ორი კვარტლის განმავლობაში, ხოლო შემდეგი 2 ინტერვიუ ტარდება ორი კვარტლის გამოტოვებით, მომდევნო წლის იმავე კვარტალებში. ყოველკვარტალურად ახლად შერჩეული შინამეურნეობების წილი შეადგენს 1/4-ს. გამოკვლევას ექვემდებარებიან კერძო შინამეურნეობები.

საქსტატის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს მიხედვით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი წარმოადგენს ღარიბი მოსახლეობის პროცენტულ წილს მთლიან მოსახლეობაში. გამოყენებული მეთოდოლოგიის მიხედვით სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფ მოსახლეობად განიხილება იმ შინამეურნეობებში მცხოვრები მოსახლეობა, რომელთა ერთ ექვივალენტურ მოზრდილზე გაანგარიშებული სამომხმარებლო ხარჯი ნაკლებია სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარზე. აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილის გაანგარიშებისას მხედველობაში მიიღება როგორც ფულადი, ისე არაფულადი სამომხმარებლო ხარჯები.

სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი - წარმოადგენს იმ შინამეურნეობებში მცხოვრები მოსახლეობის პროცენტულ წილს მთლიან მოსახლეობაში, რომელთა ერთ ექვივალენტურ მოზრდილზე გაანგარიშებული სამომხმარებლო ხარჯი ნაკლებია სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარზე.

სიღარიბის აბსოლუტური ზღვარი - სიღარიბის აბსოლუტური ზღვრის სასურსათო მდგენელის განსასაზღვრად, II-IV დეცილებში მყოფი თითოეული შინამეურნეობისათვის გაიანგარიშება ერთი მოხმარებული კილოკალორიის ფასი, რომელიც წარმოადგენს მოხმარებული სასურსათო პროდუქტების ჯამური ფულადი ღირებულების და ენერგეტიკული ღირებულების თანაფარდობას. სასურსათო მდგენელის მისაღებად ერთი კილოკალორიის მედიანური ფასი მრავლდება ექვივალენტური მოზრდილის ენერგეტიკული ღირებულების დღიურ ნორმაზე.

სიღარიბის აბსოლუტური ზღვრის სასურსათო მდგენელის წილის განსაზღვრა ხდება II-IV დეცილებში არსებულ იმ შინამეურნეობებში, რომელთა ექვივალენტურ მოზრდილზე სასურსათო ხარჯი ახლოს არის ზღვრის სასურსათო მდგენელთან. სასურსათო მდგენელის თანაფარდობით მის წილთან მიიღება სიღარიბის აბსოლუტური ზღვარი,”- ნათქვამია საქსტატის მეთოდოლოგიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები