მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მილიონზე მეტი ადამიანი კვლავ სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, მაგრამ 2022 წელს გაუმჯობესება იყო - დავითაშვილი

64746b9e7e848
BM.GE
29.05.23 13:17
537
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული სიღარიბის მაჩვენებლის მიხედვით, 2022 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.6% შეადგინა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ეს ზრდა აისახა დასაქმებაზე. დღეს საქსტატმა გამოაქვეყნა მონაცემები სიღარიბის შესახებ, აქაც სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმამდეა დასული. ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში სიღარიბე აღმოვფხვერით, რა თქმა უნდა, მილიონზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, მაგრამ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იყო 2022 წლის განმავლობაში, რაც ერთ-ერთი პირდაპირი შედეგია, მათ შორის ეკონომიკური ზრდის. 2012 წელთან შედარებით, სიღარიბეს თავი დააღწია ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა. 2022 წელს სიღარიბეს თავი დააღწია 63 ათასზე მეტმა ადამიანმა. ეს ტემპი უნდა გავაგრძელოთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში მოქალაქეების მდგომარეობა უკეთესი იყოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არ ვსაუბრობდეთ სიღარიბეზე. ჩვენი ხელისუფლების, ეკონომიკური გუნდის მთავარი ამოცანაა, რომ სიღარიბე დავამარცხოთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში გაუმჯობესდა შემოსავლების განაწილების დონეც.

„სიღარიბის შემცირებასთან ერთად, შემცირდა შემოსავლების უთანასწორობაც. ძალიან ბევრი წარმატებული ქვეყანაც, მაღალშემოსავლიანიც, სამწუხაროდ, ვერ უმკლავდება ხოლმე უთანასწორობის საკითხებს. ეს არის გამოწვევა ბევრი ქვეყნისთვის. აქაც ე.წ. ჯინის კოეფიციენტი, რომელიც შემოსავლების განაწილებას აჩვენებს. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ეს კოეფიციენტიც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სწორი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის“, - განაცხადა დავითაშვილმა.