მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ხორბლის იმპორტი 43.7%-ით შემცირდა, ფქვილის კი რეკორდულად გაიზარდა

634ff7b3770a3
ვიქტორია მღებრიშვილი
19.10.22 19:30
1191
მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში სულ 38.2 მლნ დოლარის ღირებულების 105 012 ტონა ხორბლის და მესლინის იმპორტი განხორციელდა.

ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს ამ პერიოდისთვის ჯამურად ქვეყნის მიერ შეძენილი ხორბლის მოცულობა 283 000 ტონა, ხოლო 2020 წელს 368 665 ტონა იყო. შესაბამისად წელს იმპორტირებული ხორბლის ღირებულება 2021 წლის 9 თვის მონაცემებთან შედარებით 43.7%-ით შემცირდა.

ამ პერიოდის განმავლობაში აღნიშნული პირველადი მოხმარების საქონლის მთავარ საიმპორტო ბაზრად კვლავ რუსეთი რჩება და ამ კუთხითაც ხორბლის შესყიდვის მაჩვენებელი წინა პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია. ჯამურ იმპორტში რუსეთზე 92% მოდის.

ხორბლის საიმპორტო ბაზრების რეიტინგი კი ასეთია:

1. რუსეთი - 35.7 მლნ დოლარი, 96 624 ტონა;
2. ყაზახეთ - 1.3 მლნ დოლარი, 3 703 ტონა;
3. სომხეთი - 714 ათასი დოლარი, 3 569 ტონა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ივნისის შემდეგ ხორბლის იმპორტი მხოლოდ რუსეთიდან ხორციელდებოდა.

ხორბლის იმპორტის კლების საპირისპიროდ 2022 წლის 9 თვის განმავლობაში შესამჩნევად გაიზარდა ფქვილის იმპორტის მაჩვენებლები. შედეგად იანვარ-ივლისში საქართველოში სულ 50.1 მლნ დოლარის ღირებულების 132 240 ტონა ფქვილის იმპორტი განხორციელდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქონლის საიმპორტო მოცულობა 704.8%-ით, ხოლო ღირებულება 922.5%-ით გაიზარდა, რაც ფქვილის იმპორტის ზრდის რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს.

რაც შეეხება ქვეყნებს, სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, ხორბლის იმპორტის მსგავსად ამ შემთხვევაშიც მთავარი საიმპორტო ქვეყანა რუსეთია. ამ ბაზარზე მთლიანი იმპორტის თითქმის 99% მოდის.

ფქვილის საიმპორტო ქვეყნები:

1. რუსეთი - 49.2 მლნ დოლარი, 130 847 ტონა;
2. თურქეთი - 573 ათასი დოლარი, 819 ტონა;
3. იტალია - 106 ათასი დოლარი, 101 ტონა;
4. ყაზახეთი - 98 ათასი დოლარი, 270 ტონა;
5. უკრაინა - 39 ათასი დოლარი, 87 ტონა;
6. ლიეტუვა - 39 ათასი დოლარი, 57 ტონა;

შეგახსენებთ, რომ ხორბლისა და ფქვილის, ასევე პურის მწარმოებლები ხორბლის იმპორტის შემცირებისა და ფქვილის იმპორტის ზრდის მიზეზად, რუსეთიდან ხორბლის ექსპორტზე დაწესებულ ბაჟს, ფქვილზე კი ნულოვან გადასახადს ასახელებენ, რაც ხორბლის იმპორტს არარენტაბელურს ხდის. შედეგად ქვეყანაში ივნისიდან მსხვილმა წისქვილკომბინატებმა როგორც ხორბლის გადამუშავება, ასევე იმპორტი შეაჩერეს და მათი ნაწილი ფქვილის შემოტანაზე გადაეწყო. თუმცა ზაფხულის თვეებში ხორბლის ფასის შემცირებასთან ერთად, რუსეთიდან ხორბლის საექსპორტო გადასახადიც მცირდებოდა. ამან ადგილობრივ წისქვილკომბინატებს ამოქმედების საშუალება მისცა. დღეს კი BM.GE-სთან საუბრისას ადგილობრივი გადამმუშავებელი კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ საექსპორტო გადასახადის ზრდა გაგრძელდება, მაშინ იმპორტიორებისთვის ხორბლის შემოტანა კვლავ არარენტაბელურ საქმედ იქცევა და წისქვილკომბინატები გამოწვევების წინაშე დადგებიან, მით უფრო მაშინ როდესაც ნოემბრის შემდეგ სეზონური ფაქტორებიდან გამომდინარე საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ღირებულება იზრდება.