საქართველოში რუსეთიდან ხორბლის იმპორტი მზარდია. საქსტატის მონაცემებით, 7 თვეში ქვეყანამ 32.3 მილიონი დოლარის ღირებულების 134 293 ტონა ხორბალი იყიდა.
მონაცემები მოწმობს, რომ საქართველოს ხორბლის იმპორტი გაუიაფდა, რამდენადაც იმპორტის მოცულობა შედარებით მეტად, წლიურად 44%-ითაა გაზრდილი, ხოლო ღირებულების ზრდამ 22% შეადგინა.
საქართველო ხორბლის იმპორტის ნაწილში მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული. ხორბალი მეოთხეა რუსეთიდან იმპორტირებულ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებს შორის. წელს ხორბლის უმნიშვნელო რაოდენობით, ჯამურად 3 ტონამდე, იმპორტი განხორციელდა ავსტრიიდან და გერმანიიდან.
რაც შეეხება ფქვილის იმპორტს იანვარ-ივლისში საქართველომ 11.1 მილიონი დოლარის 42 877 ტონა ფქვილი იყიდა. როგორც ღირებულება, ისე მოცულობა წლიურად 50%-ზე მეტად შემცირდა. ფქვილის იმპორტის 97% რუსეთზე მოდის. უფრო დეტალურად, ქვეყნების მიხედვით ფქვილის იმპორტი ასე გამოიყურება:
- რუსეთი - $10.1 მლნ, 41 381 ტონა;
- თურქეთი - $605 390 , 1109 ტონა;
- იტალია - $220 320, 199 ტონა;
- ლიეტუვა - $49 650, 125 ტონა;
- საფრანგეთი - $36 640, 31 ტონა;
- ავსტრია - $16 690, 20 ტონა.
მცირე მოცულობებით ფქვილის იმპორტი ასევე პოლონეთიდან, საბერძნეთიდან, გერმანიიდან, ბელარუსიდან, გაერთიანებული სამეფოდან და აზერბაიჯანიდან განხორციელდა.
შეგახსენებთ, 2022 წელს საქართველოში მეხორბლეობის დარგისთვის რთული და გამოწვევებით სავსე იყო. ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის მიზეზიც მთავარ საიმპორტო ბაზარზე - რუსეთში ხორბლის ექსპორტზე დაწესებული ბაჟი იყო, რომელიც ხორბლის იმპორტიორებს საქონლის შეძენას უძვირებდა. ამასთან, 2022 წელს რეკორდულად გაიზარდა ფქვილის იმპორტი, რადგან იმავე რუსეთში ამ დასახელების საქონელზე ნულოვანი საექსპორტო გადასახადი მოქმედებდა, რამაც ხორბლის იმპორტისადმი ინტერესი შეამცირა, ფქვილისადმი კი გაზარდა. შედეგად საქართველოში ხორბლის ადგილობრივი გადამუშავება, ფაქტობრივად გაჩერდა, ფერმერებს კი მოყვანილი მოსავალი ჩაუბარებელი რჩებოდათ.
ხორბლის ბაზარზე შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, 2023 წელს დარგის წარმომადგენლების მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ 12 ივნისიდან ქვეყანაში რუსული ფქვილის იმპორტზე 200-ლარიანი გადასახადი დააწესა. გადაწყვეტილება ძალაში პირველ ნოემბრამდე უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით, ოქტომბერში, მთავრობამ, ისევ დარგის მოთხოვნით, ფქვილის იმპორტის გადასახადი 250 ლარამდე გაზარდა, ვადა კი 2024 წლის პირველ მარტამდე გაახანგრძლივა. ფქვილის გარდა იმპორტის გადასახადი ქერსა და ქატოზეც დაწესდა, რაც ტონაზე 100 ლარითაა განსაზღვრული. დარგის წარმომადგენლების შეფასებით, გადაწყვეტილებამ იმუშავა და ქვეყანაში ხორბლის იმპორტი გაიზარდა, ფქვილის კი შემცირდა. საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის მოთხოვნის საფუძველზე, მთავრობამ ქვეყანაში ფქვილსა და სხვა მარცვლეულზე საიმპორტო გადასახადი მარტის შემდეგ 1 სექტემბრამდე გაახანგრძლივა.