მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასკოლო Start-up მარათონი - ალტე უნივერსიტეტი, თიბისი Z, სტარტაპერი და GITA ერთი იდეის გარშემო გაერთიანდნენ

6214b4f2a323d
ვიქტორია მღებრიშვილი
22.02.22 14:20
1301
ალტე უნივერსიტეტი, თიბისის პროგრამა “სტარტაპერი” და “თიბისი Z”-ი და GITA ერთი იდეის გარშემო გაერთიანდნენ - სასკოლო Start-up მარათონი, რომელიც საქართველოს მასშტაბით საჯარო თუ კერძო სკოლების X, XI და XII კლასის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს თავისი ინოვაციური ბიზნეს იდეები რეალობად აქციონ. პროექტი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მხარდაჭერით ხორციელდება. მარათონის პარტნიორია ისრაელის საელჩო, ხოლო საინფორმაციო მხარდამჭერია Entrepreneur Georgia და ონლაინ გამოცემა „ახალი განათლება“.

სასკოლო მარათონის ინიციატორი ალტე უნივერსიტეტია, სადაც ამბობენ, რომ ეს არის პირველი და მასშტაბური პროექტი, რომელშიც ყველა უფროსკლასელ მოსწავლეს, რომელსაც აქვს საინტერესო იდეა და სურს მისი განხორციელება, შეუძლია მონაწილეობის მიღება. მარათონში სააპლიკაციო ფორმის შევსება მოსწავლეებს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად შეუძლიათ. სარეგისტრაციო ფორმის შევსება კი მარათონში მონაწილეობის მსურველებს ამ ბმულზე შეეძლებათ. განაცხადების მიღება 28 თებერვლამდე გაგრძელდება.

სასკოლო Start-up მარათონი 4 ეტაპისგან შედგება: 1-7 მარტამდე აპლიკაციების გადარჩევის შემდეგ მარათონის მონაწილეები გამოვლინდებიან, რის შემდეგაც 20 მარტამდე მონაწილეებისთვის ტრენინგები და ვორქშოფები ჩატარდება. საჭირო ცოდნის მიღების შემდეგ კი მარათონის მონაწილეები 20 მარტიდან 5 აპრილამდე თავისი იდეის დახვეწასა და პრეზენტაციის მომზადებას შეძლებენ, რომელსაც კომპეტენტურ ჟიურის წარუდგენენ და მოწონების შემთხვევაში, დაჯილდოვდებიან.

BM.GE-სთან საუბრისას „ალტე უნივერსიტეტის“ სტარტაპ გარაჟის ხელმძღვანელი თეონა დალაქიშვილი ამბობს, რომ პირველ ეტაპზე შემოსული აპლიკაციებიდან 10-12 გუნდი გადაირჩევა.

„დაახლოებით, 50-60 მოზარდთან გვინდა, რომ ვიმუშაოთ. ისინი გაივლიან ტრენინგებს, მოამზადებენ პრეზენტაციებს და წარსდგებიან ჟიურის წინაშე. ამ ასაკობრივ კატეგორიასთან მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის პროექტი, რათა ვიპოვოთ, გამოვავლინოთ ახალგაზრდები, რომელთაც მივცემთ შესაძლებლობას მოახდინონ საკუთარი ინოვაციური და საინტერესო იდეების კომერციალიზაცია. პროგრამის განხორციელების უპირველესი მიზანი მოსწავლეებისთვის იმ ცოდნის გაზიარებაა, რომელიც სტარტაპ საქმიანობის წამოწყებისთვის არის საჭირო. ამ ცოდნის საშუალებით ისინი თავისი იდეის განხორციელებას შეძლებენ“, - ამბობს თეონა დალაქიშვილი.



სასკოლო Start-up მარათონში მონაწილეობის მსურველებს შემდეგი კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ - პირველ რიგში ეს არის ბიზნეს იდეის ინოვაციურობა, შემდეგ ბიზნეს იდეის ვალიდურობა, ანუ რამდენად დგას მისი განხორციელების საჭიროება. ასევე, ბიზნეს იდეის განხორციელებადობა, რაც გულისხმობს იმას თუ რამდენად რეალისტურია კონკრეტული ბიზნეს იდეა და ერთ-ერთი კრიტერიუმია ის, თუ რა ცვლილებების მოტანა შეუძლია ამ ბიზნეს იდეის განხორციელებას საზოგადოებისთვის.

Start-up მარათონის გამარჯვებულები შემდეგი პრიზებით დაჯილდოვდებიან:

• სწავლის დაფინანსებისა და ბიზნეს იდეის განხორციელებისთვის სპონსორის მოძიების შესაძლებლობა ალტე უნივერსიტეტისგან;
• 5000-ლარიანი ჯილდო გამარჯვებული გუნდისთვის თიბისი Z-სა და სტარტაპერისგან;
• განსაკუთრებული პრიზი რჩეულ გუნდს ისრაელის საელჩოსგან;
• ტექნოპარკის ფაბლაბში პროტოტიპების დამზადებაში მხარდაჭერა GITA-სგან;
• ალტე უნივერსიტეტის Start-up გარაჟის მეშვეობით ბიზნეს იდეის განვითარების ხელშეწყობა;
• რჩეული გუნდის მედია მხარდაჭერა Entrepreneur Georgia-ს ელექტრონულ პორტალზე.



თეონა დალაქიშვილის ინფორმაციით, პირველი სასკოლო Start-up მარათონის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია, რაც პროექტის ინიციატორებისთვის სასიხარულოა. სტარტაპ გარაჟის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი აქტივობა, რომელსაც უნივერსიტეტი განახორციელებს.

„მსგავსი ტიპის მასშტაბური აქტივობების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია და ვთვლით, რომ ამას მუდმივი სახე უნდა ჰქონდეს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ მარათონი გაიმართება ყოველწლიურად და პარალელურად, აქტიურად გაგრძელდება სკოლებთან კომუნიკაცია, რათა მუდმივად ხდებოდეს საგანმანათლებლო სისტემაში სამეწარმეო მიდგომების დანერგვა“, - აღნიშნა თეონა დალაქიშვილმა.

®