მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმრო "სვიანა“ სტუმრებს ივნისიდან მიიღებს - ინვესტიცია ₾5 მილიონია

628f8a2dd8bf8
ვიქტორია მღებრიშვილი
26.05.22 18:33
1873
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურში, პანდემიის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე გახსნილი სასტუმრო „სვიანა“ სრული დატვირთვით 1 ივნისიდან ამოქმედდება.

კახეთში მაღალი კლასის სასტუმრო ბიზნესმენ ნუგზარ ყალანდარიშვილის კერძო ინვესტიციითა და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ თანადაფინანსებით აშენდა, თუმცა პანდემიის პერიოდში არსებული შეზღუდვების, რამდენიმე თვიანი გაჩერებების შემდეგ, სასტუმროს მენეჯმენტმა მისი ოფიციალურად გახსნა ახლა გადაწყვიტა.

ინვესტიციის ჯამური მოცულობა 5 მლნ ლარია.

14-ნომრიანი სასტუმრო ხეობაში მდებარეობს და სტუმრებს განსათავსებლად კოტეჯებსაც სთავაზობს. სასტუმროს 1 ჰექტარ ტერიტორიაზე მოწყობილია აუზი, საუნა, საბავშვო მოედნები, საკონფერენციო დარბაზი, ღია ბარი და 2 რესტორანი, რომელიც სტუმრებს როგორც ქართულ-კახურ ტრადიციულ სამზარეულოს, ასევე ევროპულ კერძებს სთავაზობს.



BM.GE-სთან საუბრისას „სვიანას“ გენერალური მენეჯერი ნინიკო ქორიძე ამბობს, რომ სასტუმრო როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ტურისტების მიღებაზე იქნება ორიენტირებული. სასტუმროში განთავსების საორიენტაციო ფასი 250 ლარიდან იწყება, კოტეჯის ღირებულება კი, 400 ლარია.

"ორიენტირებულნი ვართ როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ტურისტებზე. დღეს, ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობით ჯგუფური ჯავშნები შემოსულია ევროპული ქვეყნებიდან, მოლაპარაკების რეჟიმშია გერმანიის და ლიეტუვის შეკვეთები და დადასტურების ჯავშნები საფრანგეთიდან და იტალიიდან გვაქვს.

ჩვენი გათვლები დამოკიდებულია ჩვენი პარტნიორი შემომყვან ტურისტულ კომპანიებზე და მზად ვართ, ნებისმიერი ქვეყნის ტურისტს ვუმასპინძლოთ“, - ამბობს სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა.

დღეისთვის სასტუმრო „სვიანა“ ადგილობრივ დამსვენებელს უკვე მასპინძლობს და რეგიონში 20 სამუშაო ადგილს ქმნის.