მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოეთის ბაზრის იმედი გვქონდა, მაგრამ გარკვეული წინაღობებია - მურაჩაშვილი

64b7e86f51807
სალომე ხიდურელი
19.07.23 18:03
1176
ზაფხულის სეზონზე ქართული ჰორეკა სექტორის გამოწვევებზე BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ ჰოტელიერი მაია მურაჩაშვილი საუბრობს და აღნიშნავს, რომ 2023 წელს, გასულ წელთან შედარებით, სასტუმროებში განთავსების ღირებულება შემცირდა, რაც საქართველოში დაბალმხარჯველობითი უნარის მქონე ტურისტების შემოსვლას უკავშირდება.

„წელს ყოველდღიური შეწონილი ფასის კლება ნამდვილად არის დაფიქსირებული, ეს ძირითადად გამოწვეული იმით, რომ წელსაც, ისევე როგორც შარშან, უფრო ბიუჯეტური ტურისტები შემოდიან. სამწუხაროდ, მაღალმხარჯველობით უნარიანი ევროპისა და ამერიკის ბაზრიდან შემოსვლა ძალიან შემცირდა და საქართველოს მარკეტინგი გალფის ქვეყნებზე, აზიაზე გადაერთო. ტურისტული სააგენტოებიც გვიდასტურებენ, რომ ისინი სასტუმროებზე ძალიან დაბალ ფასებს ითხოვენ“, - ამბობს ჰოტელიერი.

მურაჩაშვილი წლის მეორე კვარტლის სტატისტიკურ მონაცემებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ TOP 3 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ტურისტები შემოვიდნენ, თურქეთი, რუსეთი და სომხეთი არიან.

„როდესაც მეორე კვარტალში 300 000-ზე მეტი ტურისტი თურქეთიდან არის შემოსული, 300 000-ზე მეტი რუსეთიდან და 280 000 - სომხეთიდან, ამას თუ საერთო მონაცემებს გამოვაკლებთ, ძალიან ცუდ შედეგებამდე მივდივართ და ეს სასტუმროებზეც აისახა.

წელს 5-ვარსკვლავიან სასტუმროებზე ფასის კლება, გარკვეულ პერიოდებზე, უფრო მეტია, ვიდრე შარშან იყო. რაც შეეხება 4-ვარსკვლავიან სასტუმროებს, შარშან გაცილებით კარგი მდგომარეობა იყო, გაცილებით მაღალ ფასად იყიდებოდა. მაგალითად, გუდაურში, არასეზონურობის მიუხედავად, შარშან ამ დროს გაცილებით კარგი დატვირთულობა იყო და ფასიც გაცილებით მაღალი“, - ამბობს ჰოტელიერი.

შარშან საქართველოში, ძირითადად, გალფის ქვეყნებიდან მოგზაურობდნენ, თუმცა წელს მათთვის თურქეთის საზღვრებიც გაიხსნა, რის გამოც, თურქეთის ფასების კონკურენტუნარიანობიდან გამომდინარე, ტურისტთა ნაკადმა იქ გადაინაცვლა.

როგორც მურაჩაშვილი აღნიშნავს, ასეთ ვითარებაში, როცა მაღალმსყიდველობით უნარიანი ტურისტები საქართველოში აღარ შემოდიან, კერძო სექტორს ინდოეთის ბაზრის იმედი ჰქონდა.

„რადგან ევროპის ქვეყნებიდან ტურისტების 2019 წლის ნიშნულს ვერ დავეწიეთ, ინდოეთის ბაზრის იმედი გვქონდა, მაგრამ აქაც არის გარკვეული წინაღობები, ქვეყანაში არ შემოშვებებია. მიუხედავად იმისა, რომ ე-ვიზა კონტროლდებოდა და საწყის ეტაპზე ძალიან კარგი შემოდინება იყო, აღმოჩნდა, რომ ტურისტული კომპანიები, რომლებიც საინფორმაციო ტურზე შემოდიოდნენ, უკან გაბრუნდნენ. გვეუბნებიან, რომ იფიქრებენ, შემოვიდნენ თუ არა საქართველოში, იმიტომ რომ ეს ამბავი მოუწესირგებელია.

ჩვენ ეს ამბები 2018-19 წლებში უკვე გავიარეთ. ძალიან მოსწონდათ მათ საქართველო, როგორც ფილმების გადასაღები ქვეყანა, მაგრამ რამდენიმე მილიონიანი პროექტი შეჩერდა და ტურისტების ნაკადები შეწყდა. თუ გვინდა, რომ დაბალ და მაღალ სეზონზე გვქონდეს ქვეყანა, რომელსაც თანაბრად შეუძლია ტურისტების საქართველოში გამოშვება - ეს არის ინდოეთი და ჩვენ ეს ურთიერთობა არ უნდა გავაფუჭოთ“, - ამბობს მურაჩაშვილი.

აღსანიშნავია, რომ მაია მურაჩაშვილი სასტუმროებს თბილისში, ქუთაისსა და გუდაურში მართავს, სადაც ტურისტთა ნაკადის ზრდა აგვისტო-სექტემბრის პერიოდშია ნავარაუდები, თუმცა შარშანდელ ნიშნულს, სავარაუდოდ, არ გაუთანაბრდება.

ცნობისთვის, ტურიზმის ადმინისტრაციის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მხოლოდ მეორე კვარტალში ქვეყანაში 1,6 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები